ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო, რაც განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას, გამორჩეულ ბრიომრავალფეროვნებას, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას.
„რეგინფო“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის განხორციელების დაწყების გამო, მაშინ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. დაგეგმილი პროექტი საფრთხეს უქმნის როგორ ხადის ხეობის უნიკალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.
23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-იდა EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კილომეტრი; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კილომეტრი იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კილომეტრი, მათ შორისაა, უზარმაზარი - 426 მეტრი სიგრძისა და 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი.
ხადის 9 კილომეტრი სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.
მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირვების ადგილებზე. ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას.
ამასთან, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს, მათ შორის ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელ რისკებს: მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები და ა.შ., რომელთა პროექტზე ზემოქმედება არ არის შეფასებული. არადა, ეს რისკები შესაძლებელია გაიზარდოს, თუ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე, აქტიურ პროცესს.
განსაკუთრებით პრობლემატურია დაგეგმილი გვირაბების სიახლოვე ვულკანურ ზონებთან, განსაკუთრებით, მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის სიღრმეზე 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იმდაგვარად, რომ არ არის წარმოდგენილი თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მშენებლობა მაგნურ პროცესებზე და პირიქით.
ადგილობრივი მოსახლეობა, ღიად ადასტურებს როგორც არასაკმარის საზოგადოებრივ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზეწოლას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დათანხმდნენ არაადეკვატურ კომპენსაციაზე. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობას წაართვა უფლება, დაარეგისტრიროს ტრადიციულ საკუთრებაში მყოფი კუთვნილი მიწები. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საწუხარი იყო და რჩება ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. პროექტი ამ მიმართებით არაფერს სთავაზობს მოსახლეობას. ამავდროულად პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე როგორც საარსებო გარემოს გაუარესებით (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება, ხმაური და ვიზუალური დაბინძურება), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც (იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ.).
ხადის ხეობა, რომელსაც 60 ციხის ხეობასაც უწოდებენ და რომელიც ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, ცნობილია თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით. ხადის ხეობაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ფორპოსტის დანიშნულება ჰქონდა, ასევე მრავლადაა გაბნეული რელიგიური ნაგებობები და ეპიგრაფიკული ძეგლები. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა გვარწმუნებს, რომ პროექტის ზემოქმედება და მისი შემცირების გზები, როგორც არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე არქეოლოგიურ მემკვიდრეობაზე პრაქტიკულად შეუსწავლელია, მაშინ, როდესაც მაგისტრალი მნიშვნელოვან ძეგლებთან და დასახლებებთან დაახლოებით 50-100 მეტრის სიახლოვეს გაივლის.
პროექტის განხორციელება უარყოფითად იმოქმედებს ხადის ხეობის რეკრეაციულ და კულტურულ დანიშნულებაზე, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, რადგან ხშირად ხეობას ტურისტები ფრინველებზე დასაკვირვებლად სტუმრობენ. პროექტის მიერ განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიება - ვიზიტორთა ცენტრის დაარსება, საუკეთესო შემთხვევაში ცინიზმად შეიძლება იქნას აღქმული, ვიდრე რეალურ ღონისძიებად. ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ხადის ხეობის პირველადი სახით შენარჩუნება და იმ მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს უპასუხებს და ხეობის ბიომრავალფეროვნებას თუ კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.
პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე.
ამასთან, სამწუხაროდ, პროექტი არ მოიცავს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს ქვეყნისთვის, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ასევე მისი ზემოქმედებით ქვეყნის ფისკალურ პარამეტრებზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა:
- საზოგადოების ფართო ჩართულობით მოძებნონ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობასგანადგურების საფრთხეს ააცილებს;
- შეარჩიონ ალტერნატივა, რომლის ზემოქმედება მინიმალური იქნება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე;
- რეგიონში არსებული გეოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩაატარონ სიღრმისეული გეოლოგიური და სეისმური კვლევები, რომლებიც შეისწავლის არა მხოლოდ პროექტის ზემოქმედებას გარემოზე, არამედ - პირიქითაც;
- შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით“.
მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ეროვნული ფონდი; საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.