weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანის ჰესების მშენებლობაზე მინისტრის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრეს

13:26 ორშაბათი, 06 აპრილი 2020

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, „მწვანე ალტერნატივამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

საქმე ეხება ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.

საია და „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოში პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს დაიცავენ.

„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, ჰესის მშენებელმა კომპანიამ შპს „ენკა რინიუებლზმა“, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისათვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევები არ ჩაატარა. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.

მოსარჩელეების შეფასებით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის  წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადი შედგება ტვიში ჰესისგან 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესისგან 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ჰესების კასკადის სავარაუდო წლიური გამომუშავება 1496 გგვტ.სთ-ია. ექსპლუატაციაში 2023 წელს უნდა შევიდეს, საინვესტიციო ღირებულება კი 750 მლნ აშშ დოლარია.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]