weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს - ნებართვები საჯარო განხილვების გარეშე

23:23 ორშაბათი, 06 აპრილი 2020

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და 20-ზე მეტ დაგეგმილ პროექტზე გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს საჯარო განხილვების გარეშე მიიღებს. ამ პროექტებს შორის არის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობაც, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს და „ზურმუხტის საიტს“ კვეთს. შემოსავლელი გზა ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული უფრო ფართო პროექტის ნაწილია, რომელიც აბასთუმნის გარდაქმნას ითვალისწინებს და მას სახელმწიფო უწყებები მხარს უპირობოდ უჭერენ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და მოსახლეობის სიცოცხლისთვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების მიზნით, მთავრობამ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

23 მარტს მთავრობამ მიიღო დადგენილება N181, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სხვა ღონისძიებებს შორის, აწესებს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებულ წესებს (მუხლი 13). 

სამ დღეში, 26 მარტს, დადგენილებაში შევიდა ცვლილება და მე-13 მუხლს დაემატა პუნქტი, რომელიც მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაცემის წესს შეეხო. კერძოდ, ცვლილებით განისაზღვრა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის უკვე დაწყებული ადმინისტრაციული პროცედურები საჯარო განხილვების გარეშე დასრულდება.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო გუჯარაიძის თქმით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეეჩერებინა, ის გააგრძელა საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები. ამ უფლებების შეზღუდვა კი, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით და შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„მწვანე ალტერნატივას“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნიათ, რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილება პრობლემურ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღების გასამარტივებლად შევიდა.

„არცერთი დაგეგმილი პროექტი, რომელთა შესახებ ამჟამად სამინისტროში წარდგენილია განცხადებები, არ არის იმდენად გადაუდებელი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეჩერება, საგანგებო მდგომარეობის ვადით.

აქვე, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ან ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობისას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი სამინისტროს და მთავრობას ანიჭებს უფლებას, გაათავისუფლოს დაგეგმილი საქმიანობა გზშ პროცედურისგან; ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელმა უნდა დაასაბუთოს საქმიანობის განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ზემოაღნიშნული პროექტების არცერთ განმახორციელებელს არ მიუმართავს სამინისტროსთვის ამ პროცედურის გამოყენების თხოვნით.

რატომ დასჭირდათ საქართველოს მთავრობას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დროებითი ცვლილება და თანაც ისე, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საზოგადოების მინიმალური ჩართულობით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტს ახორციელებს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე სამინისტროს განცხადებით 2020 წლის 24 მარტს მიმართა. ამ დროს უკვე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და შემოღებული იყო განსაკუთრებული წესები. 26 მარტს, მთავრობამ შეცვალა დადგენილება (გააუქმა საჯარო განხილვები); 27 მარტს კი, სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა პროექტის გზშ ანგარიში წერილობითი შენიშვნების მისაღებად. 3 აპრილს სამინისტრომ დამატებით გააკეთა განცხადება, რომ პროექტის საჯარო განხილვა არ ჩატარდება.

საყურადღებოა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების წინა ეტაპის გადაწყვეტილება - სკოპინგის დასკნა - 2020 წლის 6 მარტს გასცა. სკოპინგის დასკვნის გაცემიდან 18 დღეში, 24 მარტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროს გზშ ანგარიში წარუდგინა და საბოლოო ეტაპის - გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა მოითხოვა.

გამოდის, რომ სკოპინგის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სულ რაღაც 18 დღეში, ჩაატარა ისეთი ტიპის კვლევა, რომელსაც საყოველთაო პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, საშუალოდ, საბაზისო მონაცემთა და კვლევების არსებობის პირობებში, სჭირდება საშუალოდ 6 თვე, ხოლო რთული პროექტების შემთხვევაში, რამდენიმე წელი.

საინტერესოა ასევე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზშ კვლევის ჩასატარებლად დაიქირავა საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგი“ - კომპანია, რომელსაც ბოლო წლებია ხშირად აკრიტიკებენ პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოქალაქეებიც და დარგის სპეციალისტებიც, უხარისხო გზშ კვლევების გამო.

ზემოაღნიშნული გარემოებები სერიოზულ ეჭვებს აჩენენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების საგანგებო წესები (საჯარო განხილვების გარეშე განხილვა), შემოღებულ იქნა პრობლემურ პროექტებზე, მათ შორის აბასთუმნის შემოსავლელი გზის პროექტზე გადაწყვეტილების გამარტივებულად მისაღებად, კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფის ხარჯზე. მეტიც, ამისათვის, ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობა იქნა გამოყენებული“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საჯარო განხილვების გაუქმების მიუხედავად, საზოგადოებას მაინც აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თავისი მოსაზრებების წერილობით ან ელექტრონული ფორმით წარდგენის გზით.

„მწვანე ალტერნატივას“ და საიას კი მიაჩნიათ, რომ მოსაზრებების გამოთქმა შეუძლებელია საზოგადოების სათანადოდ ინფორმირების გარეშე. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ინფორმირების შესაძლებლობები კი, არასათანადოა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის გამო.

ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეცვალოს 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნორმა და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს სკრინინგის გადაწყვეტილების, სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]