weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2020

ჩვენ მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით – ზურაბიშვილი

09:55 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 hits 261

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და ყურადღება მისი დაცვისა და შენარჩენების პრინციპებზე გაამახვილა.

„ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა. 

COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით.

„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას.

ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.

თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ.

ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეკონომიკური განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის ზომები  გამოვიყენოთ და  დავაბალანსოთ ქვეყნის განვითარება და ბუნების საჭიროებები.

ბოლოდროინდელი ფუნდამენტური საკანონმდებლო რეფორმები საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ გარემოსდაცვითი განზომილება განვითარების ყველა პროგრამაში.

ბიომრავალფეროვნების კუთხით ჩვენი მთავარი ორიენტირი აგრობიომრავალფეროვნება და სატყეო მეურნეობაა. თუმცა, ჩვენ მიზნად ვისახავთ სექტორულიდან მეტად სისტემურ მიდგომებზე გადასვლას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით,  „სწორედ ახლაა დრო, ხელახლა დავფიქრდეთ იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი პლანეტისთვის გვსურს სამი ძირითადი მიმართულებით“.

„პირველ რიგში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინტეგრირება მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული თუ ხელისუფლება, კერძო სექტორი და საზოგადოების თითოეული ნაწილი მასში მონაწილეობას მიიღებს.

განათლების როლი ამ შემთხვევაში უდიდესია. ჩვენ მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი საერთო მისიაა.

მეორე - ჯანმრთელი გარემო საჭიროა არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვის, არამედ ანალოგიურად ადამიანთა კეთილდღეობისთვისაც. მრავალი ფუნდამენტური კავშირი არსებობს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნების ჯანმრთელობას შორის და ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგმა ასეთი კავშირები უნდა აღმოაჩინოს. ეს შესაძლოა, დაგვეხმაროს, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებულები პოტენციური მომავალი პანდემიებისთვის და გამოვიყენოთ „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპი ყველასათვის.

ბოლოს, ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური პოტენციალის წამოწევა: ჩვენ ინტეგრირებული მომავლისაკენ უნდა მივისწრაფოდეთ, სადაც ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული ეკონომიკური სიკეთე განვითარების შედეგებში აისახება. ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნებისათვის გაღებული დანახარჯები ფუჭი არაა. ეს მეტად მდგრად ეკონომიკასა და უფრო ჯანსაღ მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

მხოლოდ ეფექტიანი სინერგიის მექანიზმით შეგვიძლია ტრაექტორია შევუცვალოთ ბიომრავალფეროვნების კარგვას.

COVID-19-ს პანდემია ძლიერი მანიშნებელია იმისა, რომ სწორედ  ახლაა მოქმედების დრო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამიტზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]