თევზჭერის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელის დახურულ და საჯარო ჯგუფებში გავრცელდა. ზოგიერთი დღემდე ხელმისაწვდომია.
„ყველას აინტერესებს, ამხელა თევზები როგორ დავიჭირეთ. „ენგურჰესს“ არემონეტებენ და წყალი გამოუშვეს. წყალი ამღვრეული იყო ძალიან და თევზებს თვალები ამოუწვა, ასე რომ ვთქვათ. თევზებს ფაფარი ჰქონდათ წყლის ზედაპირზე და ხელით დავიჭირეთ. თევზი იყო ენ-რაოდენობით. თევზს ყველა იჭერდა, როგორც მოხერხებდნენ, ისე... ჩვენც გვიკვირს ეგ ყველაფერი“, – წერს 21 იანვარს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი და ფოტოებსაც აქვეყნებს.
ზუგდიდის მცხოვრები, მოყვარულ მეთევზეთა ჯგუფის წევრი როინ შენგელია „ათინათთან“ ამბობს, რომ დაგუბებული წყლის გაშვების შემდეგ მდინარის კალაპოტში ტალახიანი წყალი მოდიოდა, თევზი კი სუფთა წყლის ძიებაში ნაპირებს მიადგა.
„ეს გამოიწვია „ენგურისჰესის“ თაღოვანი კაშხლიდან დაცლილი ბლანტი მასის წამოსვლამ, წყალს ვერ ვუწოდებდით ამას. ეს იყო წლობით დალექილი შლამი, ქვიშა. 60 მეტრამდე ყოფილა დალექილი. ჩემი შეხედულებით, შეიძლებოდა ეტაპობრივად გამოეშვათ ეს მასა და ასეთი ზიანი არ მიეყენებინა გარემოსთვის, თუმცა როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, თურმე ერთბაშად უნდა ჩაერეცხათ ეს მასა.
მოხდა ის, რომ თევზებს ლაყუჩები დაეხშოთ, ჟანგბადის ცირკულირება არ ხდებოდა და თევზი, რომელიც ღრმად ბინადრობს, იძულებული იქნა წამოსულიყო წყლის ზედა ფენებისკენ, გაეცურა ნაპირისკენ, ეძებდა სუფთა წყალს.
აქ უკვე მოსახლეობამაც თავისი საქმე გააკეთა, მოხდა ამ თევზის მასიურად ამოღება, რომლის გადარჩენაც ალბათ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. იქნებ ამ თევზს სუფთა წყალი მოეძებნა, ან სხვა მდინარეში გადასულიყო, მაგრამ მოსახლეობაც, ცოტა არ იყოს, გულგრილად მიუდგა ამ საქმეს და დიდი რაოდენობით თევზი ამოიღეს ენგურიდან“, – განაცხადა როინ შენგელიამ.
მისი აზრით, თუ ენგურში ლიფსიტებს არ გაუშვებენ, მდინარის ეკოსისტემის ბუნებრივ აღდგენას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება.
„ენგურჰესის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კაშხლიდან წყლის დაღვრის რეჟიმი დადგენილი წესებით რეგულირდება და წყლის გაშვების შემდეგ მდინარის წყალში შეწონილი ნაწილაკების შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო.
„ჩვეული გარემოს შეცვლამ განაპირობა არა თევზების დახოცვა, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს, არამედ თევზის ნაპირთან მოახლოება. თუმცა, სამწუხაროა, რომ მოსახლეობამ აღნიშნული გარემოებით ისარგებლა და სხვადასხვა ადგილზე მასობრივი თევზჭერა დაიწყო.
თუ დავაკვირდებით გავრცელებულ ფოტოებს, ვნახავთ, რომ ნაპირთან მოახლოებული თევზის მოპოვების მიზნით გამოყენებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. კერძოდ, ნაჯახი და წალდი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მომხდარიყო მათი უკანონო მოპოვება, მდინარეში წყლის ჩვეული რეჟიმის დაბრუნების შემდეგ, თევზებიც ბინადრობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდნენ“, – განაცხადეს „ენგურჰესში“.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ წყლის გაშვებამდე, გარემოზე ზემოქმედება უნდა შეფასებულიყო.
„ასეთი საქმიანობა უნდა საჭიროებდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. თუ არ საჭიროებს - ეს კანონმდებლობის ხარვეზია. სწორედ ეს შეფასება განსაზღვრავს შემარბილებელ ღონისძიებებს, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისა და შესაბამისი უწყებების გაფრთხილებას. თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და თუ სამინისტროს გარემოს ზედამხედველობამ არ იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი „ათინათთან“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უკანონო თევზჭერის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და სამართალდარღვევის მტკიცებულებები არ აქვთ.