weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამინისტრომ ბახმაროში „ბახვი 1“ ჰესის პროექტი შეაჩერა

18:00 პარასკევი, 19 თებერვალი 2021
ფოტოზე - ნინო თანდილაშვილი ფოტოზე - ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გურიაში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროექტი შეაჩერა. სამინისტრომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას - „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს ორი თვე მისცა დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარსადგენად.

მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კომპანიის დირექტორისთვის, მიხეილ ნიბლაძისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს სკოპინგის დასკვნა.

სამინისტროს განცხადებით, საპროექტო ტერიტორია ემთხვევა გურიის გეგმარებითი დაცული ტერიტორიის წინასწარ მონახაზს, რაზეც სამინისტროს დელეგირებით მუშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა (WWF). შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის განთავსების მიზანშეწონილობა საჭიროებს დასაბუთებას;

სამინისტროს ითხოვს, გარემოსდაცვითი კუთხით დეტალურად დასაბუთდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის განთავსების უპირატესობა;

სამინისტროს განცხადებით, ვინაიდან ბახმარო წარმოადგენს უნიკალური მიკროკლიმატის მქონე მაღალმთიან საკურორტო ზონას და დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილობრივ კლიმატზე ზემოქმედების საკითხები მნიშვნელოვანია. სკოპინგის ანგარიშში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (შესაბამისი დასაბუთებით) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად ბახმაროს საკურორტო ზონის მიკროკლიმატზე ზემოქმედების შესახებ. ასევე მოცემული უნდა იყოს სამშენებლო ბანაკის მოწყობისა და მისგან გამომდინარე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული ზემოქმედების შემცირების კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებები;

სამინისტროს განცხადებით, ბახმაროს მიკროკლიმატის ჩამოყალიბებას გარკვეულწილად განაპირობებს ადგილობრივი ფლორის წარმომადგენლები, განსაკუთრებით წიწვოვანი ხე-მცენარეები. ამიტომ კომპანიამ უნდა წარადგინოს ინფორმაცია ხე-მცენარეებზე ზემოქმედების, მათ შორის ამოღებას დაქვემდებარებული წიწვოვანი ხე-მცენარეების შესახებ;

სამინისტროს მოთხოვნაა კომპანიამ სკოპინგის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია კურორტ ბახმაროს ბიომრავალფეროვნებაზე ჰესის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად, მოკლე და გრძელვადიანი ზემოქმედებების შეფასების შესახებ;

სამინისტროს განცხადებით, 198 568 კვ.მ. ფართობიდან 105 996 კვ.მ. ფართობი წარმოადგენს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეს. სამინისტროს განმარტებით, ვინაიდან კანონმდებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ ითვალისწინებს სანაყაროების მოწყობას, სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი და განხილული უნდა იქნეს სანაყაროს განთავსების ადგილის ისეთი ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც არ მოხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე; ამასთან, კომპანიამ უნდა დაასაბუთოს რატომ არის შერჩეული ისეთი ალტერნატივა, სადაც ჰესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსება იგეგმება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე;

პროექტით გათვალისწინებულია 4100 მეტრი სიგრძის სადაწნეო მილსადენის მშენებლობა, რაც დაკავშირებულია შესაბამის მონაკვეთზე მდინარის წყლის რეჟიმის ცვლილებასთან. სამინისტროს განცხადებით, სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შემცირებული ეკოლოგიური ხარჯის პირობებში ბიომრავალფეროვნებაზე, მათ შორის, წყლის და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე ზემოქმედების შესახებ. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს თევზსავალის და თევზამრიდის ეფექტურობა. დარჩენილი წყლის საკმარისობის საკითხი, წყლის ბიომრავალფეროვნების არსებობის უზრუნველყოფის თვალსაზრით, შეფასებული უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის მიერ;

სამინისტროს განცხადებით, სკოპინგის ანგარიშში განხილული არ არის დასახლებულ პუნქტზე ხმაურის გავრცელებასთან და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევასთან დკავშირებული საკითხი. სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალების ტრანსპორტირება და სამშენებლო ტექნიკის გადაადგილება დაგეგმილია კურორტ ბახმაროს გავლით, ხოლო დასახლებული პუნქტი სამშენებლო ბანაკიდან დაშორებულია დაახლოებით 600-700 მეტრით;

კომპანიამ უნდა განიხილოს რეგიონში არსებული და დაგეგმილი ჰესების კუმულაციური ზემოქმედების შეფასების შესახებ ინფორმაცია, არსებული ჰესების და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ზემოქმედება, როგორც წყლის რესურსებზე, ასევე წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე;

სამინისტროს განცხადებით, კურორტ ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელებულია მესაქონლეობა, აღნიშნულიდან გამომდინარე შეფასებული უნდა იყოს პროექტის განხორციელების შედეგად, მდინარის წყლის საკმარისობა მესაქონლეობისთვის საჭირო წყალმომარაგების საკითხებთან.

კომპანიამ უნდა წარადგინოს „ბახვი 1 ჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვეყნის ენერგოსისტემაში ჩართვის სქემა;

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]