weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშენდება თუ არა ჰესების კასკადი ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში

12:38 შაბათი, 20 თებერვალი 2021

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბახმაროში, „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობაზე სკოპინგის დასკვნის გაცემა 2 თვით გადადო, თუმცა, თავის დროზე მთავრობამ ბახმაროდან 2.5 კილომეტრში, მდინარე ბახვისწყალზე 12 მეგავატი სიმძლავრის „ბახვი 1“ ჰესის ასაშენებლად საინვესტიციო კომპანიას მწვანე შუქი ისე აუნთო, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი არ გაუთვალისწინებია. ამ ფაქტს მოსახლეობა მწვავედ აპროტესტებს, რადგან შიშობს, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში ბახმარო, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს მთისა და ზღვის ჰავა, დაკარგავს უნიკალური კურორტის ფუნქციას და ტურიზმით განვითარების შანსს.

ბახმაროს, ევროპის ყველაზე მაღალმთიან კურორტს, რეკრეაციული ზონის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. საქართველოს მთავრობის N261 დადგენილებით, რომელიც ტერიტორიების განაშენიანებასა და გამოყენებას არეგულირებს, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ნებადართულია მხოლოდ დასასვენებელი, კვების, გასართობი, ჯანდაცვისა თუ სასპორტო ტიპის ობიექტების განთავსება. გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც იმ დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მოსახლეობას დაპირდა, რომ ბახმარო აღარ იქნებოდა მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი ადგილი და ის გახდებოდა მიმზიდველი კურორტი 12 თვის განმავლობაში, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელებისთვის.

მთავრობის დაპირებიდან სულ რაღაც 3 წელში, 2020 წელს, გურიაში, „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დააანონსა. მისი თქმით, ამ ჰესის პროექტის ინიციატორი ამერიკული მსხვილი საინვესტიციო ფონდის „სერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „სერბერუს ფრონტიერი“ იქნებოდა. ამ განცხადებიდან 4 თვეში, საინვესტიციო ფონდსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის თანაშრომლობის მემორანდუმი ისე გაფორმდა, რომ არცერთი კვლევა არ ჩატარებულა მდინარე ბახვისწყალზე 12 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის ავკარგიანობაზე.

მდინარე ბახვისწყალი, ინვესტორებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. იქ ჯამში 5 ჰესის აშენება იგეგმებოდა, რადგან 42 კილომეტრის სიგრძის მდინარე, ერთმანეთის მიყოლებით ჰესების კასკადის აგების შესაძლებლობას იძლევა, რითაც ჰიდროელექტროსადგურებზე ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე მატულობს. ამჟამად, მდინარე ბახვისწყალზე მხოლოდ ერთი „ბახვი 3“ ჰესი ფუნქციონირებს, რომელიც 2012 წელს აშენდა და ორჯერ მეწყერის გამო დაზიანდა.

„ბახვი 1“ ჰესის მშენებლობა ახლა წინასწარი განხილვის, ე.წ სკოპინგის ანგარიშის ეტაპზეა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე გაასაჯაროვა ე.წ სკოპინგის ანგარიში, რომელიც კომპანია „სერბერუს ფრონტიერის“ მიერ დაფუძნებული შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ დაკვეთით, შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „ბახვი 1“ ჰესი, დერივაციული ტიპის უნდა იყოს, რაც ტერიტორიაზე ორი სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და სადაწნეო მილსადენის მოწყობას გულისხმობს.

ამავე ანგარიშში, „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობისთვის გზის მოსაწყობად ორი ალტერნატიული ვარიანტია განხილული, ერთ-ერთი გარემოზე ნაკლებად ზიანის მომტან სამუშაოდ არის მიჩნეული, რომელიც შესაძლოა მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების ხარჯზე გაკეთდეს, სკოპინგის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საპროექტო დერეფანში არსებული მიწები რეგისტრირებული არ არის და მოსახლეობა მას არაფორმალურად იყენებს.

სკოპინგის პროცედურა ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით საკითხის განხილვასაც გულისხმობს. სინამდვილეში, იანვარში, ჩოხატაურის საკრებულოში, ჰესთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრაზე ინფორმაცია ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერეს და იქვე შენობაში გამოაკრეს, რომელიც ჩოხატაურის 25 000-მდე მაცხოვრებლიდან არც არავის წაუკითხავს. 29 იანვარს, ონლაინ რეჟიმში მხოლოდ 35 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაგან 5 სამინისტროს თანამშრომელი და 2 კომპანიის წარმომადგენელი იყო. ჰესის საკითხი განიხილეს, საჯარო შეხვედრა ჩატარებულად გამოაცხადეს და შემდეგ ეტაპზეც უხმაუროდ გადავიდოდნენ, რომ არა ადგილობრივების პროტესტი. ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაცხოვრლებლები, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ყველა დაინტერესებულ მხარესთან პირისპირ შეხვედრას კატეგორიულად ითხოვენ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ბახვისწყალზე ჰესების აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა კი ბახმაროს საკურორტო ზონაში ჰესის აშენებას კანონდარღვევად და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან გეოლოგიური დასკვნებით ბახმაროში ნიადაგი თიხნარის ტიპის, ადვილად მოშლადი და მეწყერსაშიშია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ერთდერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან.

ადგილობრივმა მოსახლეობამ პეტიცია „არა ჰესს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე“ უკვე შექმნა, რომელსაც სათავეში სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე - გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავჯდომარე უდგას.

სკოპინგის ანგარიში ადგილობრივებისთვის არ არის სარწმუნო. ირმა გორდელაძის თქმით, საერთოდ არ არის ნაჩვენები ჰესის მიერ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები. სანდოობას ეჭქვეშ ისიც აყენებს, რომ სკოპინიკის ანგარიში 2009 წლის შედგენილ სეისმურ რუკებზეა დაფუძნებული, რომელიც დღეს რელევანტური აღარ არის. რუკების განახლება წესით ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს, რათა ის შეესაბამებოდეს იმ გარემო-პირობებს, რომელიც წლებთან ერთად იცვლება.

– ირმა, რა საფრთხეებს ხედავთ მდინარე ბახვისწყალზე „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის დაწყებით?

– ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის კურორტ ბახმაროს და ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებას. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ჰესი ითვალისწინებს ორი შეგუბების მოწყობას მდინარეებზე ბახვისწყალსა და ბაისურაზე. ამ მდინარეებს არ აქვთ ჰესის მთელი წლის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის საკმარისი წყალი, შეგუბებების მოწყობა და წყლის ზედაპირის სარკისებური ეფექტი გაზრდის ტენიანობას ბახმაროში, სრულად შეცვლის მიკროკლიმატს, საფრთხე დაემუქრება უნიკალურ კურორტს, სადაც ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ხდება.

აქ რომ, ჰესის აშენება არ შეიძლება ამას მოწმობს სხვადასხვა კვლევა, მაგალითად გეოლოგი ელენე ახვლედიანი, რომელსაც შესწავლილი აქვს გურიის მდინარეები, რელიეფი, ნიადაგი, თავის ნაშრომშიც წერს, რომ გურიის მდინარეებზე ჰესების აშენება არ შეიძლება, რადგან ნიადაგი თიხნარის ტიპისაა, ადვილად მოშლადია, თანაც არის მეწყერსაშიში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2012 წელს ახალაშენებული „ბახვი 3“ ჰესი რამდენჯერმე დაინგრა მეწყერის გამო.

თანაც, მდინარე ბახვისწყლის რესურსი თუ ამ ჰესებმა წაიღო, მით უმეტეს, რომ სკოპინგის ანგარიში ძალიან ძველი რუკებით არის გაკეთებული. 2009 წლის რუკის გათვალისწინებით ხდება მდგომარეობის შეფასება, 12 წელია გასული, სინამდვილეში მდინარეებში უკვე წყლის რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო.

სურთ, რომ მდინარის 90% 4 კილომეტრის სიგრძის დერივაციულ მილში გაატარონ და რა დარჩება მდინარისგან, არც არაფერი, მხოლოდ ღელე.

„ბახვი 1“ ჰესის პროექტი პირდაპირ რეკრეაციული ზონის ტერიოტიაზე უწევს, თანაც პირველად ანგარიშში წერია, რომ ჰესზე მისასვლელი შესაძლოა გაკეთდეს ბახმაროს მხრიდან, რაც სრულიად დაუშვებელია, არ შეიძლება რეკრეაციულ ზონაში ჰესი ააშენო.

– კანონის გათვალისწინებით, სკოპინგის პროცესი გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო, თანაც გარემოს დაცვის სამინისტროს ვალია, რომ მაქიმალურად მეტი ადამიანი ჩაერთოს საჯარო განხილვაში. მოითხოვეთ თუ არა სკოპინგის ანგარიშის საჯაროობა და განხილვის ხელმისაწვდომობა ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებისთვის?

– სკოპინგის ანგარიში როცა გამოაქვეყნეს, აუცილებლად უნდა უზრუნველეყოთ იმ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ჩართულობა, სადაც ამ ჰესის აშენებას გეგმავენ, მაგალითად ოზურგეთი და ჩოხატაური. ჩოხატაურის მცხოვრებლებმა არაფერი იცოდნენ, გამოაკრეს ერთი ფურცელი საკრებულოს კართან, ხალხის გადაადგილება ისედაც შეზღუდულია და ვინ წაიკითხავდა მაგ ფურცელს, ვინ ნახავდა. ზოგს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს და ჩვენ გავასაჯაროვეთ.

ამ პანდემიის დროს გარემოს დაცვის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში რომ ჩაატარა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა, რომელზეც არ იყო ინფორმირებული ხალხი და ვერც ჩაერთო, თან საჯარო განხილვა დაარქვა და 35 ადამიანს ძლივს შეკრიბა, საიდანაც 5 სამინისტროს წარმომადგენელი იყო, 2 კი თავად კომპანიის.

ეს სკოპინგი არ უნდა ჩათვლილიყო საჯარო განხილვად და შესრულებულ სამუშაოდ, აქ ჩამობრძანდნენ და შეხვდნენ გურულებს ღია ცის ქვეშ, პირბადეებით, წესების სრული დაცვით.

ირმა, თქვენ ძალიან ბევრი არგუმენტი გაქვთ, რომლის გათვალისწინებით ასაბუთებთ იმას, რომ ჰესის მშენებლობა ბახმაროს ტერიტორიაზე არ შეიძლება, თუ სთხოვეთ კომპანიას და სამინისტროს განემარტა, რა არის ის დიდი სარგებელი, რის გამოც ღირს, რომ სარეკრეაციო ზონაში ჰესი აშენდეს და უნიკალური კურორტი საფრთხის წინაშე დადგეს?

– ონლაინ განხილვაზე ვინც ვესწრებოდით, ვიკითხეთ 12 მგვტ-იანი სიმძლავრის გამომუშავება რამხელა დასახლების უზრუნველყოფას შეძლებდა, გვიპასუხეს, რომ უზრუნველყოფს ჩოხატაურის სიდიდის დასახლებას, რაც დაახლოებით 25 000 მოსახლეა, თუმცა დაზუსტებული პასუხი რა ეღირება ელექტროენერგია, რა მოგება იქნება რეგიონისთვის, ეკონომიკური სარგებელი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის, ამ შეკითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

კომპანიის წარმომადგენელი არ ასახელებს ტარიფს, რომლითაც მოხდება გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება და არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდება. რაც გვითხრეს იყო ის, რომ აპირებენ, თავდაპირველად ჰესის 4 თვით ექსპორტში გაშვებას, სხვა პასუხები ვერ მივიღეთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა 17 თებერვალს, „ბახვი 1“ ჰესის მსენებელ კომპანიას და ასევე, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მერიებს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტო ინვესტორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიშის საფუძველზე სკოპინგის დასკვნას ვერ გასცემს. სამინისტრო შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ -სგან დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას ითხოვს.

„სკოპინგის ანგარიშში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს შემდეგი საკითხები: საპროექტო ტერიტორია ეთხვევა გურიის გეგმარებით დაცული ტერიტორიების წინასწარ მონახაზს, რაზეც სამინისტროს დელეგირებით მუშაობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა (WWF), შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის განთავსების მიზანშეწონილობა საჭიროებს დასაბუთებას“, – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის წერილში.

იმავე წერილში, სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს, გაითვალისწინონ პროექტის შესხებ საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]