weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს – მწვანე ალტერნატივა

14:41 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „მწვანე ალტერნატივამ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩივრით მიმართა და რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის აღკვეთა მოითხოვა. ორგანიზაციის განცხადებით, ინვესტორი კომპანია, შპს „ენკა რინიუებლზი“ სამშენებლო სამუშაოებს კანონდარღვევით ახორციელებს, კერძოდ, არღვევს 2020 წლის 28 თებერვლის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს.

„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2020 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული მონტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ არ ჰქონდა შესრულებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები. ამასთან, როგორც გაირკვა, დეპარტამენტმა 2021 წლის 18 იანვარს, „ენკა რინიუებლზის“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემოწმების მასალებთან ერთად, განსახილველად გაიგზავნა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში. ყოველივე ამის მიუხედავად, ინვესტორი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს.

„მწვანე ალტერნატივას“ მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტის მიხედით, 2020 წლის 16 ოქტომბრის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ენკა რინიუებლზს“ არ ჰქონდა შესრულებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის №2-191 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შემდეგი პირობები:

  1. ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებულია საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოს მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის (ტვიში ჰესი – 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) განთავსებაზე დამტკიცებული 2015 წლის 25 დეკემბრის ეკოლოგიური ექსპერტიზის N73 დასკვნისა და მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილებებზე (ქვედა ნამახვანი) აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რაც არ არის შესრულებული. კერძოდ, არ არის შესრულებული N73 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის III თავის მე-3, მე-4, მე -5, მე-9, მე-11, მე-13, მე-14, მე-16,მე-19-ედა 23-ე პირობებით დადგენილი ვალდებულებები;
  2. ბრძანების მე-6 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე სამინისტროში წარმოედგინა შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული მშენებლობის სატრანსპორტო სქემა ქ. ქუთაისის შემოვლით, რაც არ არის შესრულებული;
  3. ბრძანების მე-7 პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე წარმოედგინა სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები, რაც არ არის შესრულებული;
  4. ბრძანების 23-ე პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი” ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე მონაცემების შედარების უზრუნველსაყოფად და სათანადო შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების მიზნით, გზშ ანგარიშით გათვალისწინებული ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე განეხორციელებინა მონიტორინგი, ასევე შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებები შეეთანხმებინა სამინისტროსთან, რაც არ იქნა შესრულებული;
  5. ბრძანების 25-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარმოედგინა ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები, რაც არ არის შესრულებული;
  6. ბრძანების 26-ე პუნქტის შესაბამისად შპს „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის დაწყებამდე ვალდებული იყო სამინისტროში შესათანხმებლად წარმოედგინა სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები, რაც არ არის შესრულებული.

სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი თითქმის ოთხი თვეა, რაც ქუჩაში არიან გამოსული და ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]