weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რატომ არ უნდა აშენდეს ნამახვანის ჰესების კასკადი - კოტე ერისთავი

15:55 ორშაბათი, 01 მარტი 2021

„ნამახვანჰესზე როცა ვლაპარაკობთ, ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტი არის მტკნარი სიცრუე. კონტრაქტის მიხედვით, ნამახვანჰესის ელექტროენერგიას ვყიდულობთ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფით. ამასთან, ეკოლოგიური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური რისკები არ არის შესწავლილი და სადაც შესწავლილია, გამაოგნებლად არაკვალიფიციურად“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი კოტე ერისთავი.

  1. ნამახვანზე როცა ვლაპარაკობთ, ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტი არის მტკნარი სიცრუე. გასაჯაროვებული ხელშეკრულების მიხედვით, 15 წლის შემდეგ კომპანიას არ ექნება ვალდებულება, რომ საქართველოს მიყიდოს გამომუშავებული ელექტროენერგია. ანუ, ყველაზე კარგ ვარიანტში, ნამახვანი ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას დაეხმარება მხოლოდ 15 წლის განმავლობაში. ელექტროენერგია ჩვენი ენერგომოხმარების მხოლოდ 25 პროცენტია. დანარჩენი მოდის გაზზე, ნავთობსა და ხე-ტყეზე. ერთი სიტყვით, სულ რომ სამი ნამახვაჰესი აშენდეს, ჩვენ კვლავინდებურად დამოკიდებული ვიქნებით იმპორტზე და სხვებთან ერთად, ოკუპანტ რუსეთზე.
  2. ნამახვანის ელექტროენერგიას ვყიდულობთ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფით. მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დასკვნებში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ დაუკვეთა, საუბარია სერიოზულ ფისკალურ ტვირთზე, რაც ნამახვანიდან (და ნენსკრადან) მაღალი ტარიფით შესყიდული ელ.ენერგიის გამოქვეყანას დააწვება. აქამდე რაც ვთქვით, რომ შევაჯამოთ - ეს პროექტი არც ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადაგვადგმევინებს ნაბიჯს და თან მნიშვნელოვანი ხარჯი იქნება ქვეყნისთვის.
  3. ერთადერთი არგუმენტი, რაც ნამახვანის მომხრეებს რჩებათ, არის მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია, რომლის უდიდესი ნაწილი ისევ ქვეყნიდან გავა (სამშენებლო მასალების, დანადგარების შესყიდვის, მაღალკვალიფიცური მუშახელის ხელფასების და სხვა ფორმით), - მაგრამ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც თუნდაც ნომინალურად გადმოკვეთს ჩვენს საზღვარს, მოკლევადიანი, დადებითი ეფექტი ექნება ეკონომიკაზე. ეს არის ყველაზე ცინიკური არგუმენტი მათი მხრიდან, ვისაც 30 წელია ქვეყნის განვითარების მხოლოდ ერთი ხედვა აქვს - ყველაფრის პრივატიზაცია, ყველა რეგულაციის გაუქმება და განურჩევლად ყველა ინვესტორის წინაშე ფეხქვეშ გაგება. ეს არის უსაზღვრო ცინიზმი იმ ადამიანებისგან, ვინც „განვითარების“ ამ ხედვას იდეოლოგიურად ამყარებს. შექმნეს სახელმწიფო, რომელიც არაფერს აწარმოებს, არაფერს ქმნის და ექსპორტზე მხოლოდ სამუშაო ძალა და მეორადი მანქანები გააქვს; სახელმწიფო, რომლის ეკონომიკის მინისტრი სამინისტროს ტურსააგენტოდ გარდაქმნაზე ოცნებობს; სახელმწიფო, რომელიც გადაბარებულია უცხოურ კაპიტალზე, მათ შორის რუსულ კაპიტალზე (და განსაკუთრებული მადლობა „ანტიპუტინისტ“ სააკაშვილის ხელისუფლებას ამისთვის), ერთი სიტყვით სახელმწიფო, რომელსაც არაფრის უნარი არ აქვს, გარდა ყველაფრის გასხვისების და შემდგომ ამ გასხვისებული რესურსების პოლიციის ძალით ჩვენგან დაცვის, და ახლა, ამ ტრაგიკულ სიტუაციაში ჩვენ გვიტრიალდებიან და გვეუბნებიან, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია ქვეყანა და თურმე ბოლომდე უნდა დავემონოთ ამ ლოგიკას.
  4. გვჭირდება თუ არა ნამახვანჰესი, რა რაოდენობის მეგა თუ მცირე ჰესი გვჭირდება, რა ენერგიის გამომუშავება შეიძლება არსებული ჰესების ოპტიმიზიაციით თუ ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებით, ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს სახელმწიფოს. პასუხი არ აქვს სახელმწიფოს იმიტომ, რომ არ აქვს ენერგეტიკის სფეროს განვითარების სტრატეგია, რომელიც შესაბამის კვლევებს, გამოთვლებსა და დასკვნებს უნდა ეფუძნებოდეს. არც კვლევები გვაქვს და არც სტრატეგია. ამიტომ, ჰესების საჭიროებაზე საუბარი აბსოლუტურად უშინაარსო და მხოლოდ ჩვენი ინდოქტრინაციის შედეგია.
  5. არგუმენტი, რომ თურმე კომპანია უფრო დაინტერესებულია თავისი ინვესტიცია დაიცვას და ამიტომ თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაუფრთხილდება რიონის ხეობას და ქვეყანას, არის არა მხოლოდ იდიოტური არგუმენტი, არამედ - მავნებლური და მტრული.

შუახევი ჰესის მაგალითი მაინც არ გვქონდეს, რომელიც 400 მილიონი დაუჯდა ნამახვანის პროექტის ერთ-ერთ მეწილე ნორვეგიულ კომპანიას და მერე გვირაბების ჩამონგრევის გამო, დამატებით 200 მილიონი ზარალი ნახა (ოღონდ მთელი პროცესის კონფიდენციალურობის გამო, ზუსტად არ ვიცით, არ არის გამორიცხული, ჩვენს სახელმწიფოს გადაეხადა ეს ზარალი).

ან მესტიაჭალაჰესს მაინც არ ვუყურებდეთ, სადაც მრავალმილიონიანი ზარალი ნახა კომპანიამ არაერთი ღვარცოფის გამო, რაზეც პროექტის დაწყებამდე ყველა აფრთხილებდა.

საქმე ის არის, რომ დღევანდელ, გლობალურ ეკონომიკურ წესრიგში, ეს ზარალი და ხარჯი ისეა გადაზღვეული, რომ ვერც თავს უპოვი და ვერც - ბოლოს. ეს პროექტები ყველაფერს ემსახურება, გარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვის მიზანს.

ამ გლობალურ სქემებს თუ ვერ გავშიფრავთ, შეგვიძლია, უბრალოდ, ნამახვანის გასაჯაროვებულ ხელშეკრულებას ჩავხედოთ და ვნახოთ, შემთხვევით, ჩვენი საცოდავი სახელმწიფო ხომ არ უზღვევს რისკებს კომპანიას.

ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან არის გაფორმებული, ფაქტობრივად, სახელმწიფოს კაპიტულაციის ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანიას უზღვევს ყველა რისკს, რისი დაზღვევაც კი შესაძლებელია, გადასცემს ასობით ჰექტარ მიწას ბუნებრივ რესურსების მოპოვების ფაქტობრივად ულიმიტო უფლებით და ა.შ.

  1. ეკოლოგიური, გეოლოგიური, სეისმოლოგიური რისკები არ არის შესწავლილი და სადაც შესწავლილია, გამაოგნებლად არაკვალიფიციურად. ამაზე, ჩემზე და ინფლუენსერა-ძაან-პროგრესული-ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე-სიგიჟე-და-ბოდვა-ჯაფარიძეზე უკეთ, დარგის პროფესიონალები საუბრობენ.
  2. დარღვეულია ელემენტარული სამართლებრივი პროცედურები. მაგალითად, ნამახვანის კასკადი ორი ჰესისგან შედგება და გზშ მარტო ერთზეა.

მოკლედ, ნამახვანის წინააღმდეგ ბრძოლა, არ არის მხოლოდ ერთი ხეობის და ერთი ჰესის თუ ზოგადად ჰესების იდეის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა იმ წყობის და განვითრების ლოგიკის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაში 30 წელია ყალიბდება“, - წერს კოტე ერისთავი.

28 თებერვალს ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში. აქციაში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა მთავრობას ვადა 14 მარტამდე მისცეს, რომ შეწყდეს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა; გაუქმდეს დადგენილება, რომლითაც თურქულ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაეცა; „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს ხეობა. აქციის 80-მდე მონაწილე სოფელ ნამოხვანში სადღეღამისო მორიგეობას აგრძელებს.

 

ამ თემაზე:

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რიონის ხეობის დარაჯები

ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ - მეუფე სტეფანე

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]