weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება - მირცხულავა ნამახვანჰესზე

21:10 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021
ფოტოზე - დავით მირცხულავა ფოტოზე - დავით მირცხულავა

„30 წელია ვუსმენ ამას, ხუდონიდან დაწყებული და იმ პერიოდშიც ვიყავი, როცა ამბობდნენ, რომ კახეთში არაფერს სჭირდება მორწყვა და შეჩერდა ლაკბე. ხუდონიც შეჩერდა, სადაც 180 მილიონი დოლარის სამუშაოა შესრულებული. მიწისქვეშა ნაგებობები გაკეთებულია და ისიც გავაჩერეთ. ჩვენს ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად წყალსაცავიანი ჰესები სჭირდება“, - განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა დავით მირცხულავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების სხდომაზე. მირცხულავა საქართველოს ენერგეტიკის საინისტროს 1999-2003 წლებში ხელმძღვანელობდა.

„როდესაც ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი რესურსია. ჩვენ საამაყოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ენერგეტიკა 80 %-ით განახლებადზეა და უახლოეს წლებში ძალიან დიდ პერსპექტივებს გვაძლევს. რამდენიმე წელიწადში ევროპაში შემოღებული იქნება ნახშირბადული კვალის გადასახადი, რომელიც რეალურად გახდის ძალიან კონკურენტუნარიანს საქართველოდან მიწოდებულ პროდუქციას, რადგან მასში მწვანე ენერგია დაიხარჯება. ის, რომ ჩვენ ეს რესურსი არ განვავითაროთ, არასწორია.

გერმანიაში, დანიაში წყალქვეშა კაბელებით იღებენ ჰიდროენერგეტიკის ენერგიას ნორვეგიიდან და დღესაც შენდება იქ კაბელები. ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური გერმანული ორგანიზაციაა, რომელმაც დაწერა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ შეგვიძლია 1300 მეგავატამდე ქარი ავითვისოთ და ეს ჯამში არის 4.5 მილიარდი კილოვატსაათი. დღევანდელი ჰესების გამომუშავება 9 მილიარდი კილოვატ საათია. ენერგეტიკული უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა მირცხულავამ.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც მხარს უჭერს ნამახვანჰესის მშენებლობას, აჭარაში შუახევიჰესსა და სვანეთში მესტიაჭალაჰესზე მომხდარ ავარიებსაც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, შუახევიჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და საზეიმოდ, 2017 წელს გაიხსნა. გახსნიდან ორ თვეში 37 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. კომპანიას 2 წელი დასჭირდა გვირაბის შესაკეთებლად, თუმცა მოსახლეობა დღემდე ჩივის მრავალი პრობლემის გამო. 52 მეტრიანი კაშხალი, საიდანაც გვირაბით, შუახევიჰესი წყლით მარაგდება, დაზიანებულია და რამდენიმე ადგილას წყალი გასდის.

2019 წლის 25 ივლისს მდინარე სტიქიამ სვანეთში ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“ დააზიანა, რამდენიმე ნაგებობა დაინგრა და ქვა-ღორღმა დაფარა. სტიქიის ზონაში ღვარცოფმა ხიდები მთლიანად დაანგრია. ჰესთან ახლოს გაჩერებული ავტომობილები, რომლითაც ადგილობრივებს ტურისტები ლაშქრობაზე ჰყავდათ, მდინარემ წაიღო. დაზიანდა ცენტრალური მაგისტრალიც, რომლითაც მესტიის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდა.

„რაც შეეხება შუახევიჰესსა და მესტიაჭალას, მე ყველაზე კარგად ვიცი, რა მოხდა, რადგან ავარიების შემდეგ შექმნილ კომისიას ვხელმძღვანელობდი.

იქ შეცდომების კასკადი იყო. ეს შეცდომა მოხდა გვირაბში. საზედამხედველო ფუნქცია უნდა გაუმჯობესდეს, გაძლიერდეს ძალიან. საქართველოში ჰიდროენერგეტიკა რომ არ განვითარდეს, უნდა ერთადერთ ქვეყანას“, ამბობს მირცხულავა.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. საპროტესტო აქციის შემდეგ, შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული აქტივისტები სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

 

ამ თემაზე:

როგორ აზიანებს ნამახვანჰესის ხელშეკრულება სახელმწიფო ინტერესებს

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]