weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

1 აპრილიდან სახერხ საამქროებში ვიდეომონიტორინგი სავალდებულო ხდება  

12:42 შაბათი, 13 მარტი 2021

2021 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის მთავრობის N46 დადგენილების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი, რომელის მიხედვითაც სახერხი საამქრო აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომონიტორინგის სისტემით.

მთავრობის აღნიშნული დადგენილების ამოქმედება ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში, შემდეგ 2019 წლის ამავე თვეში, ხოლო ბოლო ცვლილებით 2021 წლის იანვარში იგეგმებოდა. 2021 წლის 25 თებერვალს დადგენილებაში მორიგი ცვლილება შევიდა და მისი ძალაში შესვლა პირველ აპრილამდე გადავადდა.

არ არის გამორიცხული დადგენილების ამოქმედება კიდევ გადაიდოს. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სამეგრელო ზემო სვანეთში სახერხი საამქროების მფლობელებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საამქროების მფლობელებმა სუბარს მიმართეს თხოვნით, ახალი რეგულაციების ამოქმედება გადავადდეს.

შეხვედრაზე საამქროების მფლობელებმა აღნიშნეს, რომ კოვიდ-სიტუაციამ და ეკონომიკურმა ვარდნამ ხელი შეუშალა მათ ბიზნესსაც და შესაბამისად, დღეს ეს ახალი რეგულაციები ადგილობრივ ბიზნესმენებს მძიმე ტვირთად დააწვება. მეწარმეების აზრით, არის კიდევ ზოგიერთი რეგულაცია, რომელთა საერთოდ გაუქმებაც მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ შესაბამისს უწყებებთან - ეს არის ფინანსური პოლიცია, საგადასახადო, სატყეო დეპარტამენტი, რათა რეალურად გავერკვეთ რამდენად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ და შესაბამისად, მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომ არც იმ შედეგიდან დავიხიოთ უკან, რომელიც აღრიცხვიანობის მოწესრიგებას უკავშირდება, მაგრამ მეწარმეებისთვისაც არ იყოს ეს ახალი რეგულაციები მძიმე ტვირთი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პირველი აპრილიდან ასამოქმედებელი ნორმების მიხედვით, აკრძალულია სახერხი დანადგარის განთავსება/მონტაჟი და ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება დაცული ტერიტორიების (გარდა დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა) გარშემო 500-მეტრიან ზონაში; საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობებიდან, ასევე პარკებიდან, სკვერებიდან ან ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახერხი საამქროს სახერხი დანადგარი უნდა განთავსდეს დახურული ტიპის კაპიტალურ ნაგებობაში, ხოლო სახერხ საამქროში დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს მტვრის საწინააღმდეგო სარქვლიანი რესპირატორებით, პერსონალური ხმაურდამცავი საშუალებებით.

სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით.

დადგენილების N15 დანართის მიხედვით, სახერხი საამქროს ვიდეო მონიტორინგის სისტემის მიმართ სავალდებულო მოთხოვნებია:

  1. ვიდეომონიტორინგის სისტემა მოიცავს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე (როგორც ეზოში, ასევე ნაგებობაში) დამონტაჟებულ ურთიერთდაკავშირებულ ვიდეოკამერებს და ქსელურ ვიდეოჩამწერ, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფენ სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და ნარჩენების უწყვეტ კონტროლს.
  2. ვიდეოკამერის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) ღამის ხედვა არანაკლებ 20 მეტრის ინფრაწითელი განათების საშუალებით;

ბ) გარე გამოყენება (ვრცელდება ნაგებობის გარეთ განთავსებულ ვიდეოკამერებზე);

გ) გარჩევადობა არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა;

დ) კამერის მატრიცის ზომა არანაკლებ 1/3 დიუმისა.

  1. ქსელური ვიდეოჩამწერის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

ა) სრული მაღალი გარჩევადობა (Full HD) არანაკლებ 4 ვიდეოკამერის შეერთების შესაძლებლობით;

ბ) ოთხივე არხზე კვების მიწოდების საშუალებით;

გ) ინტეგრირებული არანაკლებ 2 ტერაბაიტი ვინჩესტერი;

დ) არანაკლებ 1 LAN ინტერფეისი;

ე) არანაკლებ USB 2.0 ინტერფეისი;

  1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ვიდეოკამერები სახერხი საამქროს ტერიტორიაზე და ნაგებობაში განათავსოს იმგვარად, რომ ნათლად (მკაფიოდ) და მუდმივად (უწყვეტად) ხორციელდებოდეს ვიდეოკონტროლი:

ა) სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მიღებაზე ან/და გატანაზე, მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილებზე;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების სრულ ციკლზე (მათ შორის, გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე), ასევე ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების პროცესზე;

გ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების ადგილზე;

დ) ფანერის (შპონის) წარმოების მიზნით მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავების შედეგად მიღებული 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიგრძის დარჩენილი კოტრების (მორის ჩამონაჭრების) განთავსების ადგილზე.“;

  1. ვიდეომონიტორინგის სისტემა სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უნდა ფუნქციონირებდეს უწყვეტად.
  2. აკრძალულია ვიდეოგადაღების გარეშე სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღება ან/და გატანა, წინასწარი დამუშავება, გადამუშავება, ასევე ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება ან/და გატანა.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]