ბახაოში, რომელიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა, ხანძარი გუშინ, დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა.
"წუხელ, ღამით, ხონედან ჩანდა, რომ ცეცხლი ხიდოტნის მთაზეც გავრცელდა. საკმაოდ დიდი ტერიტორია იწვოდა. ქარია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. საბედნიეროდ, მთის ძირში ცეცხლს არ ჩამოუღწევია. სოფელ ხონისჭალაში ქალები და ბავშვები არიან. ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ფხიზლად არიან. ხანძრის გამო ძლიერი დაკვამლიანებაა ხონეშიც", - უთხრა "მთის ამბებს" ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელმა გაგა შეთეკაურმა, რომელიც ხევსურეთში იმყოფება.
ანდაქის ხეობაში სამანქანო გზებიც არ არის. გზა სოფელ არდოტთან წყდება, იქიდან ბახაომდე კი 5 კილომეტრია, ანდაქამდე დაახლოებით 10 კილომეტრი. ბახაო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და იქ ერთი ადამიანი იმედა მურღუევი ცხოვრობს. ამ დროისთვის სოფელ ანდაქშიც რამდენიმე ადამიანია. პირიქითა ხევსურეთში, შატილს იქით სატელეფონო კავშირიც არ არის.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანდაქის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც გაემგზავრნენ.