weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მხარდაჭერა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს

19:42 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021
ფოტოზე - ეიდი ჰაუტალა ფოტოზე - ეიდი ჰაუტალა

ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, პარტია „მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრმა ეიდი ჰაუტალამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ევროპარლამენტარმა დღეს, როცა მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს, Twitter-ზე დაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

„ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს. კომპანია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ სულ მცირე 15 პირობას არღვევს, რომელთა შესრულებაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყო სავალდებულო. „ენკას“ ამ დრომდე არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს. არადა, ნამახვანის ჰესების კასკადი გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან 10 მეწყრული ზონაა სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან ლეჩხუმელი მეღვინეებიც. ტერიტორიების დატბორვის შედეგად ლეჩხუმში მოსალოდნელია კლიმატის შეცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების, ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით.

კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. პოლიციამ აქცია რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულეს, 11 აპრილს კი კარვები დაუშალეს, ნამოხვანიდან აყარეს და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებენ. საპოლიციო ძალებს ხეობის შესასვლელ-გასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

თებერვალსა და მარტში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, გამოთქვამენ მზადყოფნას, დიალოგი გააგრძელონ, ესენია: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ამ მოთხოვნებს. ხელისუფლებისგან უარის შემთხვევაში, ჰესის მოწინააღმდეგეები ქალაქების პიკეტირებას და დედაქალაქში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ამ თემაზე:

ნამოხვანის ბლოკადა

როგორ აზიანებს ნამახვანჰესის ხელშეკრულება სახელმწიფო ინტერესებს

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რიონის ხეობის დარაჯები

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]