weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

2023 წლიდან მოქალაქეები ტყეში საშეშე და სამასალე მერქანს ვეღარ მოჭრიან

01:39 კვირა, 16 მაისი 2021

მთავრობის მიერ მიღებული ახალი „ტყითსარგებლობის წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან ტყეში საშეშე და სამასალე მერქანს მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები დაამზადებენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. საქმიან ეზოებში, საიდანაც მათი რეალიზაცია მოხდება როგორც აუქციონის წესით (ძირითადად, მაღალი ხარისხის, ე.წ. სამასალე მერქანი), ისე პირდაპირი მიყიდვის გზით (შეშა და ხე-ტყის ნარჩენი).

გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ 2023 წლამდე მოქალაქეებს შეეძლებათ, აიღონ ბილეთი და ტყეში მერქანი მოჭრან, ხოლო 2023 წლის შემდეგ, სპეციალისტები განსაზღვრავენ, რა რესურსი იქნება ტყეში მოსაჭრელი და რა იქნება იქიდან საშეშე და სამასალე.

„მოსახლეობას მაღალი დამოკიდებულება აქვს საწვავის თვალსაზრისით რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მეორე მხრივ, ტყის და გარემოს ინტერესზე. ამიტომ, სოციალური ჭრიდან გადავდივართ უკვე აქტიურ მეურნეობაზე, რისთვისაც საქართველოს მუნიციპალიტეტებში იქმნება „საქმიანი ეზოები“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით 10-ზე მეტი „საქმიანი ეზო“ უკვე გახსნილია. მათი მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.

„საქმიანი ეზო“, ეს არის ინსტრუმენტი - ხის კოტეჯი გარკვეული ეზოთი უშუალოდ სოფლის, თემის სიახლოვეს, სადაც მოხდება მოსახლეობასა და ტყეს შორის მედიაცია. იქ მომარაგდება მერქნით, რომელიც დახარისხდება საშეშედ და სამასალედ. მოქალაქეები შეძლებენ სწორედ ამ საქმიანი ეზოდან მერქნით მომარაგებას.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2023 წლამდე სტატუს-კვო ნარჩუნდება, ანუ მოქალაქეებს შეეძლებათ ბილეთი აიღონ და ისარგებლონ ტყით, მოიპოვონ, მოჭრან მერქანი და წამოიღონ. 2023 წლიდან, რეფორმის არსი არის ის, რომ მთლიანად უქმდება სოციალური ჭრა და მოქალაქეებს შეეძლებათ „საქმიან ეზოში“ შეიძინონ სასურველი სახეობის სორტიმენტი - შეშაც და სამასალეც.

ამის იდეა არის ის, რომ ეკონომიკურად ძალიან დიდი ზიანი ხდებოდა, ან ეკონომიკურად ვერ სარგებლობდა არც ბიზნესი და არც სექტორი. სამასალე მერქანი, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხვდებოდა ღუმელში, ისიც არა ენერგოეფექტური. დაახლოებით 40-50% ენერგია იკარგებოდა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ შემოდგომით ხდებოდა მერქნით მომარაგება მოსახლეობის, თავიანთი ინიციატივით, რა თქმა უნდა. ზაფხულში, ამ დროსაც არის საშუალება რომ მოვმარაგდეთ“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესი“ ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „საქმიანი ეზოების“ საშუალებით, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]