weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11:26 ხუთშაბათი, 20 მაისი 2021
mtisambebi.ge-ის ფოტო mtisambebi.ge-ის ფოტო

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქციის მონაწილეები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

გოლეთიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გრძელვადიანი ბრძოლისთვის მოემზადონ.  

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი იქ შეკრება. ამას ძირითადად თვითორგანიზებით ვაკეთებთ. ეს არ არის უბრალოდ შევიკრიბეთ და დავიშალეთ შემთხვევა, ადამიანები ემზადებიან დასარჩენად, წამოსასვლელად რაიონებიდან. უამრავი ადამიანია განწყობილი ამ გრძელვადიანი ბრძოლისთვის და კიდევ უფრო მეტი უნდა გავხდეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ დიდი ერთობისკენ. 23-მა მაისმა უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს – ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი ვერცერთი მისთვის კარგად ნაცადი ხერხით – შავი პიარკამპანიით, ჩვენი მოძრაობისთვის ტალახის სროლით, გაშავება-მარგინალიზაციით და ა.შ.

შევიკრიბოთ 23 მაისს დედაქალაქში და მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ბრძოლა იწყება ახლა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოთხოვნებია: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის“აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

რიონის ხეობაში ექვს თვეზე მეტია, უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

ამასთან, თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]