სახელმწიფო პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების იდენტიფიცირება და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე შემორჩენილ ქარსაფარ ზოლებში არსებული მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა, რათა შემდგომში განხორციელდეს ქარსაფარი ზოლების რეგისტრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენა/გაშენება.
პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებების სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“ განახორციელებს. 2021 წელს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია კახეთის რეგიონის შერჩეულ მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა.