weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობა ცდილობს, ნამახვანჰესის პროექტის გადახედვაში სანდო ორგანიზაცია არ ჩართოს – NGO-ები

22:46 პარასკევი, 30 ივლისი 2021

ნამახვანჰესის საკითხზე ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მონაწილეობთ მომდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, მთავრობა ცდილობს, მოლაპარაკებების და შემდგომში ნამახვანჰესის პროექტის გადახედვის პროცესიდან ერთ-ერთი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ორგანიზაციის ჩართვა გამორიცხოს.

შვიდი ორგანიზაციის განცხადებით, ენერგოგაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი კრიზისის დაძლევას, რისთვისაც აუცილებელია რიონის ხეობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და პროექტის დამოუკიდებელი, კვალიფიციური შეფასების პროცესის უზრუნველყოფა.

„მოლაპარაკებების პროცესში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ივნისი-ივლისის განმავლობაში მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავით „ტექნიკური დავალების“ შემუშავების პროცესში, რითაც მომავალში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად და შესასრულებელ ამოცანად რჩება ექსპერტების შერჩევა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის პრინციპით, დაფინანსების სანდო წყაროს მოძიება და შეფასების ამ პროცესისადმი მხარეებისა და ფართო საზოგადოებისთვის ნდობის გარანტიების შექმნა.

ამჟამად, კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასებების შესასრულებლად ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება სფეროში უდიდესი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან. პროცესში ამ ორგანიზაციის ჩართულობა სრულად მისაღებია როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ისე თავად ენერგოგაერთიანებისთვისაც, თუმცა,

მთავრობას აქვს მცდელობა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შესაბამისად, მომავალში დოკუმენტების რევიზიის პროცესიდან გამოირიცხოს ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია. 

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ფარგლებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად „გამორიცხვა“ პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს და მხარეებს უთანასწორო პირობებში აყენებს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, მთავრობის წარმომადგენლებმა უახლოეს მომავალში, საჯაროდ, წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რატომაა ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვა პროცესში მათთვის მიუღებელი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ექსპერტთა შერჩევის მომდევნო პროცესს, მის ვალიდურობასა და გამჭვირვალობასაც.

ამასთან, მოლაპარაკებების პროცესში, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ დამოუკიდებელი შეფასების პროცესის დასრულებამდე კომპანიამ შეაჩეროს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები, რათა არ დავუშვათ ხეობის ბუნებრივი და სოციალური გარემოს შეუქცევადი და გამოუსწორებელი დაზიანება.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ რიონის ხეობაში ამჟამად სიტუაცია სტაბილიზებულია, თუმცა საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავრობის მხრიდან 12 ივნისს, ნატახტარში, გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებულ სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობას ჯეროვნად და სრულყოფილად არ შეუსრულებია მედიაციის არც ერთი წინაპირობა.

რამდენიმეკვირიანმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ დროებით ღონისძიებად ჰესის მშენებლობის შეჩერება და მშენებლობის პროცესით გამოწვეული საფრთხეებისა თუ რისკების აღმოფხვრა მთავრობის ინტერესში არ შედის, რაც რიონის ხეობაში სიტუაციის მოულოდნელი ესკალაციის საშიშროებას არ ამცირებს.

ეს საკითხი განსაკუთრებულ კრიტიკულობას იძენს იმის გამო, რომ კომპანია „ენკამ“ უარი განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართვაზე. სანაცვლოდ, კომპანია საჯარო განცხადებებში ამბობს, რომ ხეობაში მშენებლობა არ ჩერდება და ეს საკითხი არც კი განიხილება.

რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მთავრობამ არ შეასრულა რიონის ხეობაში შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების აღდგენის ვალდებულება, რომელიც მას მოლაპარაკებების შედეგად ჰქონდა აღებული. ნაცვლად ამისა, პოლიციამ მხოლოდ სოფელ გუმათში უკანონოდ აღმართული რკინის ბარიერი მოხსნა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას:

  • განუმარტოს საზოგადოებას ის მიზეზები, რის გამოც, მათთვის მიუღებელია პროექტის გადახედვის პროცესში საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ორგანიზაციის ჩართვა;
  • ხელი არ შეუშალოს არც ერთ საერთაშორისო რეპუტაციულ ორგანიზაციას, მონაწილეობა მიიღოს ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების პროცესში და საკუთარი პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე იმოქმედოს ისე, რომ ამ პროცესში მოწვეული იყვნენ ყველაზე სანდო და კვალიფიციური ორგანიზაციები;
  • ხეობაში ბუნებრივი გარემოზე მიყენებული შესაძლო ზიანისა და ვითარების ხელახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, დროებით ღონისძიებად წარმოადგინოს ნამახვანჰესის მშენებლობების შეჩერების გეგმა;
  • ცხადად გაანალიზოს ხეობაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ვალდებულება და დაუყოვნებლივ მოხსნას ხეობაში გადაადგილების დაუსაბუთებელი და არაკანონიერი შეზღუდვა.

განცხადებას ხელს აწერენ: მწვანე ალტერნატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანეები, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის, თაობათა დიალოგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]