ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, მეხანძრე–მაშველები, რეინჯერები და ადგილობრივები ახორციელებენ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენიც.
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება ყვარელში, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ.
ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში. შსს–ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი.