weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ნამახვანჰესზე მედიაცია დაასრულა

12:43 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესი დასრულებულად გამოაცხადა და დასკვნითი ანგარიში გამოაქვეყნა.

ენერგოგაერთიანების განცხადებით, მედიაცია ექვსი თვე გაგრძელდა, როგორც დაგეგმილი იყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოს პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - „ენკამ“, რომელმაც არჩია მედიაციის პროცესში მონაწილეობა არ მიეღო, ცალმხრივად გაწყვიტა საპროექტო ხელშეკრულება.

„ინტერესთა მრავალფეროვნებისა და ნდობის ნაკლებობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებები რთული იყო და მოიცვა რამდენიმე შრე - ლოკალური, საპროექტო და ეროვნული. მათი შეთანხმება ადვილი არ იყო და იქნება. თუმცა, მედიაციამ აჩვენა, რომ მდგრადობისა და გარემოს დაცვის, ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და ინვესტიციების საკითხების თანხმობაში მოსაყვანად დიალოგზე და ერთად მუშაობაზე კარგი გზა არ არსებობს“, – განაცხადა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ დირკ ბუშლემ.

ენერგოგაერთიანების გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ალექსანდრა ბუაროსკამ, რომელიც ასევე იყო ჩართული მედიაციაში, თქვა, რომ საქართველოს და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგის გაგრძელებაში დახმარებას გაუწვენ.

ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესში მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი პროცესიდან 17 სექტემბერს გავიდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოგაერთიანების მოწვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი დამოუკიდებელი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ სახელმწიფოსა და „ენკას“ შორის დადებული ხელშეკრულებისა და ნამახვანჰესის პროექტის გარემოსდაცვითი დოკუმენტების კვალიფიციური შეფასება იყო, ის მიღწეული არ არის. საბოლოო ანგარიში დამოუკიდებელი შეფასებების მომზადებას შეჩერებულად აცხადებს. პროცესი მხოლოდ პროექტის განახლების შემთხვევაში გაგრძელდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადების მიხედვით „ენკას“ პროექტიდან გასვლისა და მისი დარჩენის შესაძლებლობები თანაბარია, მიგვაჩნია, რომ მედიატორის ეს გადაწყვეტილება, რომ მედიაციის პროცესის ამოწურვასთან ერთად შეჩერებულიყო შეფასებების პროცესიც, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სათანადო კონსულტაციებისა თუ დისკუსიების გარეშე იქნა მიღებული.

სამწუხაროა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების აღნიშნული ანგარიში პასუხგაუცემელს ტოვებს მთავარ შეკითხვას ნამახვანი ჰესის პროექტის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, რაც უკვე წელიწადზე მეტია საზოგადოების წუხილი საგანია და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური მოძრაობის გაჩენის საბაბიც გახდა.

ნამახვანი ჰესის პროექტის შეფასების გარეშე დატოვება ისევ აჩენს რისკებს მთავრობის მხრიდან ამ პროექტის გარშემო სპეკულირებისა და თვითნებური გადაწყვეტილებების შესახებ“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის განცხადებით, მედიაციის მონაწილე ორგანიზაციებს ექვსი თვის განმავლობაში არ დაუკლიათ მცდელობა, მედიატორებისთვის მიეწოდებინათ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობისა და ფუნდამენტური დარღვევების შესახებ.

„თუმცა მიუხედავად ამისა, მედიაციის შესახებ წარმოდგენილი ეს ანგარიში სათანადო შეფასების გარეშე გადმოსცემს არაერთი კანონდარღვევითა და ადამიანის უფლებრივი სტანდარტის უგულებელყოფით წარმართულ პროცესს.

ანგარიშის ეს ტექსტი ასევე არ აღწერს ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ საჩივრებს თუ სასამართლო მოთხოვნებს, იქნებოდა ეს სახელმწიფო საზედამხედველო ფუნქციების შეუსრულებლობით გამოწვეულ ჩავარდნებთან დაკავშირებით, თუ სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევების შესახებ.

დამატებით, ანგარიში მშვიდობის აღდგენად აფასებს ვითარებას ხეობაში, სადაც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დაუსაბუთებლად ნარჩუნდებოდა თვეების განმავლობაში, ხოლო პროტესტი კი ამ დრომდე გრძელდება და უკმაყოფილება ამოწურული არ არის.

ენერგოგაერთიანება გეგმავდა ნამახვანი ჰესის პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების დამოუკიდებლად შეფასებას, რაც ამ კაბალური ხელშეკრულების ვალიდურობისა და ლეგიტიმურობის საკითხს კიდევ ერთხელ ახსნიდა და შესაძლებლობას მოგვცემდა პრევენცია მოგვეხდინა სხვა მსგავსი შეთანხმებებისა სამომავლოდ, რაც თავის მხრივ ასევე შექმნიდა საქართველოში ენერგო-პროექტების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ძირეულად გადაფასების შესაძლებლობას“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მედიაციის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები გეგმავენ ალტერნატიულ ანგარიშის გამოქვეყნებას, სადაც ახსნილი იქნება, ერთი მხრივ, ექვსი თვის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი და, მეორე მხრივ, მისი საბოლოო მიღწეული თუ მიუღწეველი შედეგები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]