weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ეს არ არის ჩუქება, ვალდებულებაა – დავითაშვილი პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემაზე

14:01 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

„თქვენც შეგიძლიათ ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ მზად ხართ, ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული“, – განუცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ცოლისთვის 5958 კვ.მ ტყის, 49 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. 

როგორც დავითაშვილი ამბობს, პრივილეგირებული არავინაა და პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებია დაცული. 

„სამწუხაროდ, უზუსტო ინფორმაციები ვრცელდება. 2020 წელს მივიღეთ ახალი სატყეო კოდექსი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის დასასრული, რომელზეც სახელმწიფო 7 წელი მუშაობდა თავის პარტნიორებთან ერთად. მათ შორის, ევროკავშირი იყო ჩართული, რომ ქვეყანაში ტყის მართვის ისეთი პრინციპები შემოგვეტანა, როგორიც ევროპაშია. რაც გულისხმობს ტყით მრავალფეროვანი, მრავალმხრივი სარგებლობის უფლებას და ტყის გამოყენებების საერთაშორისო სწორი პრაქტიკაა. ეს ერთი. მეორე – სამწუხაროდ, საქართველოში, 90-იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ანუ საშეშე მერქნის მოპოვება ხდებოდა და ტყე თავის ძირითად ფუნქციებს – ეკონომიკურს, სოციალურს და ეკოლოგიურს ვერ ასრულებდა. ამ კოდექსში ეს ახალი პრინციპები შემოვიტანეთ და კოდექსმა განსაზღვრა, მათ შორის, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ტყით სარგებლობის პირობები. აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება. 

არავინ არავის არაფერი არ აჩუქა. ეს ჩუქება კი არ არის, არამედ, პირიქით, ეს არის ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში, პლუს, სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. 

ეს არ არის ჩუქება, ეს არის ვალდებულება. ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და აუქციონით დადგინდა, მოიჯარემ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს. 

პირველ რიგში, ერთ რამეს გავუსვათ ხაზი – თქვენ რასაც აპელირებთ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის ოჯახი ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში – ეს იყო ღია, აბსოლუტურად ტრანსფარენტულად, არავისთვის დამალული აუქციონის პირობებში, კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება. რამდენადაც არავინ არის პრივილეგირებული, ყველას შეეძლო ამ აუქციონში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა დღევანელ პრესკონფერენციაზე. 

ლევან დავითაშვილის თქმით, ნუნუ თამაზაშვილმა წელიწადში სახელმწიფოს დაახლოებით 5000 ლარი უნდა გადაუხადოს, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული თანხაა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებას ეფუძნება.

მინისტრის ინფორმაციით, არსებობს 22 მსგავსი მიმდინარე საიჯარო ხელშკრულება და 100-ზე მეტი განაცხადი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

„ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ტყის მოვლა-შენარჩუნების კონკრეტული მიზნები, იმიტომ, რომ ის შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე განსაკუთრებულად კარგად იყოს მოვლილი. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა ქვეყანაში და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები გააჩნია, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რომელიც გვინდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, პრემიერის ცოლისთვის გადაცემული ტყის მონაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება და მისი მოვლის, აღდგენის, შენარჩუნებისა და ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატყეო სააგენტო სატყეო უბანს თავის მმართველობაში დაიბრუნებს. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში, საკუთარ სახლთან, სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5958 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სარგებლობაში, 49 წლის ვადით, 2021 წლის 28 დეკემბერს გადაეცა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]