weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ხელისუფლებამ რაჭის სოფელ შქმერში მანგანუმის მომპოვებელ კომპანიას ლიცენზია შეუჩერა 

10:38 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022
აქცია შქმერში  - mtisambebi.ge-ის ფოტო აქცია შქმერში - mtisambebi.ge-ის ფოტო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ რაჭში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ერთ-ერთი ლიცენზია შეაჩერა. სააგენტოს განცხადებით, მომპოვებელი კომპანიის „ტექნოლოჯი 2021-ის“ შემოწმების შედეგად ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოავლინეს. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შპს „ტექნოლოგი 2021-სა“ და შპს „მნ ნორთს“ მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეისწავლა.

სააგენტოს თანამშრომლებმა, შემოწმების შედეგად, შპს „ტექნოლოჯი 2021-ის“ მიერ ცალკეული სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინეს. რაც შეეხება შპს „მნ ნორთს“, კომპანიას სალიცენზიო საქმიანობა არ დაუწყია. 

გამოვლენილ დარღვევებზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა. 

ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს „ტექნოლოჯი 2021-სთვის“ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აღარ გაიცემა.

2021 წლის 9 ივლისს, ხელისუფლებამ რაჭაში, სოფელ შქმერში, 1 531 070 კვადრატულ მეტრზე მანგანუმის მოსაპოვებლად ორი ახალი ათწლიანი ლიცენზია ისე გასცა, რომ მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. კომპანიებს, „ტექნოლოჯი 2021-სა“ და „მნ ნორთს“, რომლებიც მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიების გაყიდვამდე 4 დღით ადრე დარეგისტრირდნენ, ერთი და იგივე დირექტორი - გიორგი ნინიკაშვილი ჰყავს. გამოცემა „მთის ამბები“ წერდა, რომ „ტექნოლოჯი 2021-მა“ წიაღისეულის ამოღება ისე დაიწყო, რომ კანონით დაკისრებული ვალდებულებები შესრულებული არ ჰქონდა. ამასთან, „მთის ამბების“ მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გიორგი ნინიკაშვილის მიმართ, სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, ჭიათურაში მადნის უკანონოდ მოპოვების გამო, დამდგარია სამი გამამტყუნებელი განაჩენი. 

ადგილობრივები ლიცენზიების გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით შქმერის მკვიდრმა გოგა გაგნიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სასამართლოსაც მიმართეს.

ამ თემაზე:

რა ემუქრება შქმერს - მანგანუმის მოპოვების 2 ახალი ლიცენზია, 1.5 მილიონ კვმ-ს გადათხრიან

შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზიები რეციდივისტის ხელშია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]