weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კულტურის სამინისტროსგან Alaverdi Resort-ის მშენებლობის ნებართვის გასაჯაროებას ითხოვენ 

23:06 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

კულტურული მემკვიდრეობის დაცვით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებმა კახეთში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებით მიმართეს. 

განცხადების ხელმომწერები სამინისტროს სთხოვენ, გაასაჯაროოს ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, ასევე, სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ნებართვა.

„ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა დაგეგმილი მშენებლობის პროექტი და მიღებული აქვს თუ არა მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა, კულტურული მემკვიდრეობის კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვით“, – ამბობენ განცხადების ხელმომწერები.

ისინი მიუთითებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სიახლოვეს ნებისმერი სახის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი არეგულირებს.

„მედია რეპორტაჟებში და არქიტექტურული კომპანიის ვებგვერდზე ნაჩვენები პროექტის რენდერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. 

ალავერდის მონასტერი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გარდა არქიტექტურული ძეგლისა, ალაზნის ველის კულტურულ ლანდშაფტთან ერთად ქმნის უნიკალურ ფასეულობას.

ალავერდის ტაძარი ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის იშვიათი ნიმუშია, რაც მას ალაზნის ველთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში კულტურული ლანდშაფტის ძეგლის კატეგორიით მოხვედრის დიდ პოტენციალს უქმნის. 

ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში 2007 წლიდან ირიცხება.

ალავერდის კათედრალისა და ალაზნის ველის, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლის, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე მიმდინარეობს, მოითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ პროკურატურას მიმართოს.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ლორია; სოფო ზვიადაძე; ქეთი შავგულიძე; ლევან ლოსაბერიძე - ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება; მანანა თევზაძე - ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი; მარინე მიზანდარი - საქართველოს ეროვნული ფონდი; ანა მარგველაშვილი; ნინო ინაიშვილი - საზოგადოება „ბათომი“; თამარ სიხარულიძე; ნანა ბაგალიშვილი - „სამოქალაქო ინიციატივა“; თამარ ამაშუკელი; ნინი ფალავანდიშვილი; ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია; გიორგი მუმლაძე - იურისტი/სამოქალაქო აქტივისტი; ანა მიქაუტაძე; ლელა ნინოშვილი; გიორგი ხიზანიშვილი; ნატალია ნებიერიძე; დავით მაისურაძე; ნანა ციხისთავი; ნატო ცინცაბაძე; ციცინო ჩაჩხუნაშვილი; მარი ქართველიშვილი; მანანა სურამელაშვილი; ცირა ელისაშვილი; მარიამ გურგენიძე.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, 200 მეტრში, მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ი შენდება. სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

სასტუმროს ინფრასტრუქტურა 32 ნომერს, საცურაო აუზს, ბარებსა და რესტორნებს აერთიანებს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. Alaverdi Resort-ის პროექტის ავტორი არქიტექტორი ზვიად სურგულაძეა.

„ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროექტი იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სასტუმრო შენდება ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, იმ დიდი სიწმინდის გვერდზე, რასაც ჩვენი ალავერდი ჰქვია“, – განაცხადა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა ვიცე-პრემიერმა და ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩაუშვა. მისი თქმით, დაწყებული სამუშაოები საქართველოს განვითარების და მისი ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილების დემონსტრირებაა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]