weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ეკოტურიზმის მთავარი მიზანი იგნორირებულია“ – ეკოტურიზმის ასოციაცია წალკის კანიონზე

15:33 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია წალკის კანიონზე, რომელიც ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, 240 მეტრი სიგრძის „ბრილიანტის ხიდის“ და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას უარყოფითად აფასებს. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან. 

წალკის კანიონზე შუშის ხიდი 14 ივნისს გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის მაგალითი, თუ როგორ მოხდა, ერთი მხრივ, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და მეორე მხრივ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება. ღარიბაშვილის თქმით, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ეკოტურიზმის ასოციაციაში განაცხადეს, რომ მიესალმებიან ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ ისეთ ინვესტიციებს, რომელიც ადგილობრივთა დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა, როდესაც ეკოტურისტულ პროექტებზეა საუბარი, მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი არ არის.

„საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, „ეკოტურიზმი არის მოგზაურობა, ტურისტული აქტივობები და სერვისები, რომელიც ორიენტირებულია დაცულ ტერიტორიებზე და მის გარეთ ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებასა და გამოცდილებების მისაღებად სათანადო პირობების შექმნაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ“. აღნიშნული განმარტებიდანაც ჩანს, რომ ეკოტურიზმის მთავარი მიზანი ბუნებისა და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებაა, რაც წალკის კანიონის შემთხვევაში სრულად იგნორირებულია.

მოწყობილმა ინფრასტრუქტურამ, ერთი მხრივ შენარჩუნების ნაცვლად სრულად შეცვალა არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის გარეგნული მხარე, ხოლო მეორე მხრივ მასში საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ცოცხალი კულტურის კომპონენტი.

შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხრიდან ამ კონკრეტული ინვესტიციის „უნიკალურ ეკოტურისტულ სივრცედ“ წარმოჩენა შეუსაბამობაში მოდის თავად ეკოტურიზმის არსთან და მის ძირითად პრინციპებთან. 

ეკოტურიზმიდან საკმაოდ შორს იყო ობიექტის გახსნის ღონისძიებაც, რომელიც მასშტაბური ფეიერვერკით დასრულდა, რაც ასევე წინააღმდეგობაშია, როგორც ეკოტურიზმთან, ისე დაცულ ტერიტორიებთან.

აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის პროექტები აუცილებლად განხორციელდება დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და ეკოტურიზმის პრინციპების სრული დაცვით“, – ნათქვამია ეკოტურიზმის ასოციაციის განცხადებაში.

240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი დაცულ ტერიტორიაზე ებრაულმა კომპანია „კასს გრუპმა“ ააშენა, რისთვისაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, ხიდი წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული და დაპროექტებულია იმგვარად, რომ სრულ სინთეზშია გარემოსთან, იძლევა 360 გრადუსიანი ხედვის არეალს დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და ამავდროულად აკმაყოფილებს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს. „კასს ლენდის“ პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდა აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

„ბრილიანტის ხიდზე“ შესვლა ფასიანია. საქართველოს მოქალაქე ზრდასრული პირებისთვის ბილეთი 29 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 49 ლარი. 3-დან 12 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის შევლა 19 ლარი ჯდება, უცხოელებისთვის – 34.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]