weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მთავრობა რაჭის ეროვნულ პარკს ონის რაიონში 50 894 ჰექტარზე შექმნის

15:14 ორშაბათი, 18 ივლისი 2022
ოთარ შამუგია, გარემოს დაცვის მინისტრი ოთარ შამუგია, გარემოს დაცვის მინისტრი

საქართველოს მთავრობამ, დღეს, 18 ივლისს გამართულ სხდომაზე მოიწონა კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, 50 894 ჰექტარზე ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის შექმნას,  ხოლო უწერის, გლოლის, ჭიორას, ღების, პატარა ღების, გონის ტერიტორიაზე, ჯამში 550 ჰექტარზე, რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნას (დამხმარე ზონა).

„რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს შორის პირველი იყო.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, დაახლოებით, ონის მუნიციპალიტეტში 50 800 ჰექტარზე დაარსდება ეროვნული პარკი. ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში, იმისათვის, რომ დავიცვათ ამ რეგიონში არსებული უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე და ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ იქ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვქონდა აღებული ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან და ამ გადაწყვეტიებით, რა თქმა უნდა, პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. ჩვენ გვაქვს დაფინანდება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან - საგრანტო დაფინანსებები დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით და ამ დაფინანსების ნაწილი მოხმარდება სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას, იქ შესაბამისი ადმინისტრაციის მოწყობას, აღჭურვას და შემდეგ მომსახურების ხარჯების გაწევას.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიჰყვება ამ კურსს. ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს. დღეს დაახლოებით 800 000 ჰექტარს შეადგენს დაცული ტერიტორიების ფართობი და მხოლოდ წელს, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და პარლამენტში გადაგზავნილი კანონპროექტებით, ამ კანონპროექტის ჩათვლით, დაახლოებით 100 000 ჰექტარით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყანაში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

კანონპროექტი არცერთი სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული, რომ საზოგადოებას მისი გაცნობისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„მთის ამბებმა“ კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყებამ მოთხოვნილი ინფორმაცია ამჯერად დაუყოვნებლივ მოგვაწოდა.

დოკუმენტში მოცემული გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით,

ეროვნული პარკის საზღვარი უმეტესად მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მოიცავს რთულად მისადგომ ადგილებს, მწვერვალებსა და უღელტეხილებს.

„რეგინფოს“ სამინისტროდან გამოთხოვილი აქვს ე.წ. შეიპ ფაილებიც იმის დასაზუსტებლად, ზუსტად რა ტერიტორიები შევა რაჭის ეროვნულ პარკში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის ამოქმედება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან არის დაგეგმილი. კანონის მოქმედება არ გავრცელდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ისეთ ურთიერთობებზე, როდესაც ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულია საქმისწარმოება.

რაჭაში (ცენტრალურ კავკასიონზე) დაცული ტერიტორიების დაარსება არაერთხელ განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებით. 2018 წელს მომზადდა კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც გულისხმობდა 64 164 ჰექტარი ფართობის რაჭის ეროვნული პარკის შექმნას ონის მუნიციპალიტეტში. მთავრობამ კანონპროექტი მოიწონა და 2019 წლის 31 იანვრის N119 განკარგულებით გადაწყდა პარლამენტის 2019 წლის გაზაფხულის სესიაზე წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება არც გაუქმებულა და არც ცვლილებები შეუტანიათ, კანონპროექტი პარლამეტში განსახილველად არ ყოფილა შეტანილი.

2020 წელს კიდევ ერთხელ მომზადდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა ონის რაიონში რაჭის ეროვნული პარკისა (26 569 ჰა) და შოვის აღკვეთილის (25 622) შექმნას, რომელთა საერთო ფართობი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წელს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ეროვნული პარკის ფართობს. კანონპროექტის ამ ვერსიის მიხედვით, დაცული ტერიტორიების გარეთ რჩებოდა ყველა მნიშვნელოვანი მდინარე და ასევე არაერთი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მათ გარეშე დაცული ტერიტორიის დაარსების კონსერვაციული მნიშვნელობა ძალზე მცირეა და გაუმართლებელია.

2020 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა საქართველოს მთავრობას საჯაროდ მოუწოდა, რომ რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი სჭირდება. საქართველოს მოქალაქეებმა 10 ათასზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციაზე, რომლითაც რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნას ითხოვდნენ.

2022 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო წინადადებით მიმართა რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა და განსახილველად წარუდგინა „შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება ჯერ არ განუხილავს.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 153 ჰექტარზე გაცემულია მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ორი ლიცენზია. ადგილობრივი მოსახლეობა შექმერის გადათხრას ეწინააღმდეგება.

2022 წლის 23 მარტს, შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“-ზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, რომლითაც ამ კომპანიას სამონადირეო მეურნეობის შექმნისათვის 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით გადაეცა. რაჭის სათემო ორგანიზაციამ, „მწვანე ალტერნატივამ“ და სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა დაიწყეს ადვოკატირების ერთობლივი კამპანიის განხორციელება #ვიცავთრაჭას. სასამართლოში და ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა მთავრობის განკარგულება და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ დაკავშირებული პირის, დავით ხიდაშელის კომპანიას, რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები ნახევარი საუკუნით გადაეცა, საზოგადოების ყოველგვარი ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დოკუმენტების გაუქმებას, რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და მასში იმ ტყეების მოქცევასაც ითხოვენ, რომელიც ხიდაშელს გადასცეს. მათივე მოთხოვნით, ეროვნულ პარკში უნდა შევიდეს მდინარე რიონი, მისი შენაკადები და შქმერის ტერიტორია, რომელსაც ჭიათურის მსგავსად აოხრება ემუქრება.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უკვე აქვთ გამოყოფილი რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შემთხვევაში მნიშვნელოვანი თანხები. მაგალითად, საქართველოში 5 დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის (სამეგრელო, სვანეთი, გურია, რაჭა, შიდა ქართლი) Wyss Foundation-მა გამოუყო 9, 3 მილიონი აშშ დოლარი  კავკასიის ბუნების ფონდს (CNF), რომელმაც თავის მხრივ ამ საქმისთვის დამატებით 4,65 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ფონდის განმარტებით, ეს თანხა 13,95 მილიონი აშშ დოლარი) საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ საერთოდ არ გამოყოს თანხა ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ პარკების დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, CNF- დაადასტურა, რომ პარკის დაარსებიდან მე-6 წლიდან საკუთარ თავზე იღებს მათი ხარჯების 50%-ს.

2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს KfW Bankengruppe შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველო 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. აღნიშნული გრანტიდან 16.25 მლნ ევრო მოხმარდება სწორედ დაცული ტერიტორიების, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]