გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია:
- ნადირობამდე გადაიხადოს დაწესებული მოსაკრებელი, 10 ლარი;
- გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
- ნადირობისას თან იქონიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში“, – განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მასზე მყისიერი რეაგირება მოხდეს.
ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, დღიური ლიმიტები და მოსაკრებლის გადახდის შესახებ განმარტება იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3zVERzj