weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

ბორჯომში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის 3 სახანძრო თვითმფრინავი ერთვება

11:34 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში დღეს, 24 აგვისტოს, თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღესვე, სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.

უწყების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები.

„ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. ობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ, ტყე 19 აგვისტოდან იწვის. ცეცხლი მრავალწლიან ხეებს უკიდია. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ მესამე დღეს ჩართეს, როცა ცეცხლი უკვე ათობით ჰექტარზე გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩართვა ცეცხლის კერებს 19 აგვისტოსვე ვერ შეამცირებდა.

22 აგვისტოდან დღემდე სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი, 300 მეხანძრე-მაშველი, ამდენივე პოლიციელი და ჯარი მონაწილეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.

ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის ფართობი დაზუსტებული არ არის. 22 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ თქვა, რომ „სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა-ზე“.

„როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ზარალი გამომდინარეობს დაზიანების მასშტაბიდან“, - განაცხადა შამუგიამ.

28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ტყის ხანძარი იყო 2017 წლის 20-31 აგვისტოს პერიოდშიც. ცეცხლი სოფელ დაბასთან გაჩნდა. ხანძარი 943 ჰექტარზე გავრცელდა, საიდანაც 706 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, მათ დაქვემდებარებულ ტყის ფონდში 2007-2021 წლებში ხანძრის 617 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელმაც საერთო ჯამში 7 244 ჰექტარი ტყე მოიცვა. ხანძრის ყველაზე მეტი შემთხვევა 2020 წელს არის აღრიცხული, ყველაზე დიდი ფართობი კი 2017 (1299.9 ჰა) და 2008 წლებში (1277.5 ჰა) დაიწვა. 2008 წელს, სამცხე-ჯავახეთში - წაღვერში, ბორჯომსა და ჩარხლისწყალთან, ხანძარმა 15 აგვისტო - 8 სექტემბრის პერიოდში, 950 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ცეცხლი რუსულმა მხარემ გააჩინა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]