უწყების განცხადებით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, დილიდან კი მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
„ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.
თუმცა, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე“, – აცხადებენ შსს-ში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქვაბისხევისა და ზორეთის მიმდებარედ ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი მრავალწლიან, ფოთლოვან და წიწვოვან ხეებს უკიდია. კლდოვანი რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის პროცესში მხოლოდ მესამე დღეს ჩართეს, როცა ცეცხლი უკვე ათობით ჰექტარზე გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ვერტმფრენის ჩართვა ცეცხლის კერებს 19 აგვისტოსვე ვერ შეამცირებდა.
22 აგვისტოდან სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი, 300 მეხანძრე-მაშველი, ამდენივე პოლიციელი და ჯარი მონაწილეობდა. 24 აგვისტოდან ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.
ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის ფართობი დაზუსტებული არ არის. 22 აგვისტოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ თქვა, რომ „სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა-ზე“.