„ახმეტიდან თუშეთში გუშინ ამოვედი. ძლიერი დაკვამლიანება დართლოდან შეინიშნებოდა. ვიკითხე, ნისლია თუ რამე იწვის მეთქი. სოფელში რომ მოვედით, ჩანდა რომ ხმელი ბალახი იწვოდა და ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. სალოცავის და აკლდამების ადგილიც დაიწვა. ჭონთიოს მხარეს ახლაც ხანძარია. ხალხი კი არ ცხოვრობს სოფელში, მაგრამ მეცხვარეების ბინებია და საქონელიც ჰყავთ. ტყეც ახლოსაა და შეიძლება ცეცხლი ხეებზეც გადავიდეს. ადგილზე მაშველები არ მინახავს. გუშინ, გირევში რომ მოვდიოდი, 112–ის მანქანა გზაში შემხვდა, უკან ბრუნდებოდნენ, გირევიდან ომალოს მიმართულებით“, – ამბობს ნათია ხუტიძე.
ხანძრის ადგილას სატელეფონო კავშირი არ არის და რთული რელიეფის გამო სახანძრო ავტომანქანების მუშაობაც შეუძლებელია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ მაშველები პირიქითის ხეობაში არიან, თუმცა ხანძრის კერებამდე მისვლა უჭირთ, რადგან ცეცხლი ძირითადად კლდეებზეა გავრცელებული.
თუშეთში ეს წელს ხანძრის უკვე მესამე შემთხვევაა. სოფელ ხახაბოსთან ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციაც იყო ჩართული. ცეცხლი 10 სექტემბერს ჩააქრეს, თუმცა 15 სექტემბერს ისევ გაჩნდა და კვლავ მაშველების და ადგილობრივების ჩარევა გახდა საჭირო.