weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

16:53 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის ტექნიკური განხორციელების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურ პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეისწავლოს ხის კენწეროების ბილიკის პროექტის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები, შეიმუშაოს პროექტის დეტალური გეგმა, დიზაინი და სავარაუდო ღირებულება. განხორციელების კვლევა ასევე მოიცავს მომსახურების გაიდლაინების შედგენას, ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობის, შემოსავლების, საჭირო საოპერაციო და სარემონტო ხარჯების და პროექტის განხორციელებით ეკონომიკაში შეტანილი სავარაუდო წვლილის დაანგარიშებას.

რაც შეეხება დიზაინს, უნდა მომზადდეს დეტალური სამშენებლო ნახაზები და შეფასდეს მშენებლობის ღირებულება.

ხის კენწეროების ბილიკი დამთვალიერებლებს შესთავაზებს გასართობ და საგანმანათლებლო გამოცდილებას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხეების და წყლის ეკოსისტემის შესახებ. ამიტომ, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური მახასიათებლები. ხის კენწეროების ბილიკი უნდა განთავსდეს ქვედა ხეობაში, რომელიც მისადგომი ადგილია და ვიზიტორებს შესთავაზოს ხის კენწეროების, ასევე სასურველია მდინარეების ხედი ფრინველის პერსპექტივიდან.

ტენდერი გამოცხადდა პროექტ „ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს“ ფარგლებში, რომელსაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტრო აფინანსებს. სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 ნოემბერია.

ხის კენწეროების ბილიკები როგორც წესი ხიდებია ხეებს შორის ან პლატფორმა მათ გარშემო. თავდაპირველად ბილიკები ტყის ზედა ნაწილის სამეცნიერო კვლევის მიზნით კეთდებოდა, დღეს კი ეკოტურიზმის შემადგენელი ნაწილიც არის, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ბილიკების საშუალებით დამთვალიერებლები ეცნობიან ტყის კომპლექსურ ეკოსისტემას - ტყის ბინადარ ცხოველებს, ფრინველებს, მწერებს, სოკოებს და მრავალფეროვან ფლორას. საშუალება აქვთ გადმოხედონ ტყეს ფრინველის პერსპექტივიდან და დატკბნენ ხედებით.

ყველაზე ცნობილი ხის კენწეროების ბილიკები გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, განაში, მალაიზიასა და ავსტრალიაშია.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის თაობაზე გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2017 წლის მარტში განაცხადა. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებული კვლევის ჩატარება 75 ათასი ევრო დაჯდება. მინისტრის ვარაუდით, პროექტის განხორციელების შედეგად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდება.

2017 წლის იანვრიდან დღემდე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 40 600-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]