weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების წინააღმდეგი ვარ - კახა კუჭავა

22:53 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერთება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

„ჩვენ ყველანი მივესალმებით ოპტიმიზაციის საკითხს. ერთადერთი, რაზეც კითხვები გაგვაჩნია, ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება. ასევე ვთვლი, რომ კარგად დასაფიქრებელია წიაღების მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთანაც“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავამ.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და როცა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ისაა, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს, მსგავსი გადაწყვეტილებები დასაფიქრებელია.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებსაც ხედავს და მიაჩნია, რომ როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი ერთ უწყებაშია, აქ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა ოპტიმიზაციის შემთხვევაში მოსალოდნელ საბიუჯეტო პერსპექტივაზე.

„ოპტიმიზაციის მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია და ამ კუთხით რას ველოდებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, კომიტეტმა ჯერ კიდევ მაისიდან დავიწყეთ მუშაობა, წარმოვადგინეთ დასკვნა და ვთქვით, რომ საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა, არის თუ არა ციფრები, რომ ვიცოდეთ რა სახის დანახარჯზე იქნება გაერთიანება ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

კომიტეტის წევრთა უმეტესობაც მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება მიზანშეწონილი არ არის.

„გარემოს დაცვის დღევანდელი სამინისტრო ისედაც განიცდის ბიუჯეტის ნაკლებობას და შტატების სიმცირეს. მითუფრო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის მიღების შემდეგ, გაფართოვდა იმ საქმიანობის ნუსხა, რომელიც ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. პრობლემებს ვერ აუდის გარემოს დაცვის სამსახური, ამ პირობებში, ვერავითარი არგუმენტი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, როგორც პასუხი არ გამოდგება“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ამ სტრუქტურული ცვლილებით შესაძლოა მოხდეს გარემოს დაცვის სისტემების დასუსტება, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

კახაბერ კუჭავამ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, აქიმ შტაინერის პოზიციაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან კახაბერ იმნაძესთან დაიგეგმა, აქიმ შტაინერი დაინტერესდა ხომ არ გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება ქვეყანაში გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაქვეითებას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ მხრიდან“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მთავრობის რეორგანიზაციას ითვალისწინებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება, თუმცა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა. იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა ხორციელდება, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. შესაბამისი ცვლილებები შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში, სადაც სრულად არის გადატანილი ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ახორციელებდა.

გარდა ამისა, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. აღნიშნული სამსახური იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოს გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური იქნება მისი სამართალმემკვიდრე, სრულად იქნება გადაცემული ამ სამსახურის მმართველობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]