weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არგენტინაში მეცნიერს მყინვარების ციანიდით დაბინძურების გამო პატიმრობა ემუქრება

16:04 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

არგენტინის ერთ-ერთი წამყვანი გლაციოლოგის, რიკარდო ვილიალბას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მეცნიერს ბრალად ედება მყინვარების აღრიცხვით მანიპულირება - ვილიალბამ დაცვის ნუსხაში არ შეიტანა პატარა მყინვარები, რითაც სამთო ინდუსტრიას მათი ციანიდით დაბინძურების საშუალება მისცა.

2005-2015 წლებში რიკადრო ვილიალბა არგენტინის თოვლის, ყინულისა და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტის (IANIGLA) დირექტორი იყო. სწორედ ამ პერიოდში მოხდა არგენტინის მყინვართა ფართო ქსელის პირველი დეტალური კატალოგის შექმნა.

მყინვარების აღნუსხვა 2011 წელს დაიწყო. თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით, არგენტინის ყველა იმ მყინვარის დოკუმენტირება ხდებოდა, რომლის ზომაც 1 ჰექტარს აღემატებოდა. ვილიალბასა და მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, რომლებიც ამ შემთხვევაში სწორედ მის მხარეს არიან, 1 ჰექტარი საერთაშორისო სტანდარტია ამ სახის მყინვართა აღსანუსხად.

ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში მდებარე პატარა ქალაქ სან ხოსე დე ხაჩალის გარემოს დამცველ აქტივისტთა ჯგუფის განცხადებით, კატალოგში პატარა მყინვართა არშეტანა არღვევს 2010 წლის კანონს, რომელიც იცავს არგენტინის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მყინვარს. სწორედ მყინვარები უზრუნველყოფს არგენტინაში სასმელი წყლის დიდ ნაწილს. წყალი სასმელად უვარგისი ხდება, როდესაც მყინვარები მძიმე მრეწველობის ნარჩენებით იწამლება, სან ხოსე დე ხაჩალის სიახლოვეს კი, სულ მცირე ორჯერ, სწორედ ასე მოხდა, როდესაც ველადეროს მაღაროში ციანიდი დაიღვარა.

სამართალწარმოებისას ბრალი რიკარდო ვილიალბასა და გარემოს დაცვის სამ ყოფილ მინისტრს წარედგინა. ჯერ-ჯერობით უცნობია სასჯელის ზომა, მაგრამ ვილიალბას უკვე აეკრძალა არგენტინის ფარგლებს გარეთ გასვლა და 5 მილიონი პესოს (290 000$) ოდენობის გირაო დაეკისრა. გარემოს დამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების ნაწილი ვილიალბას „განტევების ვაცს“ უწოდებს და იმ აზრზე რჩებიან, რომ მეცნიერს „ხელი შეაწმინდეს“.

აღნიშნული ბრალდება საკმაოდ საკამათოა და შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს სრულიად ახალი სტანდარტების დამკვიდრება გარემოს დაბინძურებაში მეცნიერთა სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]