როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, მემორანდუმის ფარგლებში, თუშეთში ტყის აღწერას ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს, რომელიც არსებული რესურსის შესახებ შესაბამის დასკვნას დადებს. გამგებლის თქმით, ამის შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ხის მერქანს მხოლოდ ამ დასკვნის მიხედვით გასცემს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთში 2010 წლიდან მუშაობს. ჩეხების მხარდაჭერით დამონტაჟდა თუშეთში მზის ბატარეები, რამაც თუშეთის სოფლებში, მუდმივად მცხოვრებ პირებსა და საოჯახო სასტუმროებს ელექტროენერგიით და ცხელი წყლით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. თუშეთს გადაეცა მაღალი გამავლობის ავტომობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით. ჩეხეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს პროექტებს აგრარული მეურნეობების და მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის. ადგილობრივ მცხოვრებლებს ბიზნესიდეებისთვის მცირე გრანტების მიღების შესაძლებლობაც აქვთ.
„თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ საქართველოში პირველი დაცული ლანდშაფტია, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. მოიცავს 31 518 ჰექტარს. ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება და ეკოტურიზმის განვითარება კონსერვაციის მიზნების ხელშესაწყობად. დაცული ლანდშაფტი იმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ადმინისტრაციის მიერ, რომელიც მართვას დაცული ტერიტორიების სააგენტოსტან შეთანხმებით ახორციელებს.