weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა შეიცვალა ტყით სარგებლობის წესებში

09:51 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

საქართველოს მთავრობამ ტყით სარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა.

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ტყის უკანონო ჩეხვას ომს უცხადებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მოვლა-პატრონობის საკითხი და ამ მიმართულებით სწორი მოდელის დანერგვა. ეს არის პირველი რიგის ცვლილებები, რომლებიც მოემსახურება ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას, ხელს შეუწყობს მდგრადი ტყის მართვის დანერგვას ქვეყანაში, უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარეგულირებელ დადგენილებებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ (სამშენებლო და სხვა სამეურნეო მიზნები) გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან.

საბიუჯეტო ორგანიზაციების (მათ შორის, სკოლები, ბაგა-ბაღები, მუნიციპალური შენობები, სადაც არ არსებობს ალტერნატიული ენერგომატარებლები გათბობის უზრუნველსაყოფად) შეშით უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალა მათ მიერ დამოუკიდებლად ტყეში საშეშე ხე-ტყის დამზადება.

როგორც სამასალე, ისე საშეშე რესურსის დამზადებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით.

შედეგად, ტყეში მერქნის დამზადების სამუშაოები ჩატარდება სისტემატიზებულად, სატყეო სააგენტოს მიერ დაქირავებული პირების მიერ, რაც სამინისტროს შეფასებით, შეამცირებს ტყისთვის მიყენებული ზიანს და უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკებს, შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკა და შემცირდება უკანონო ტყითსარგებლობის რისკები.

ცვლილებებით გამარტივებულია ტყეში არსებული ნარჩენებით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვებია მხოლოდ მყარი ბიოსაწვავის (ბრიკეტები, პელეტები და სხვა) წარმოების მიზნით.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემისა და ხანძრების პრევენციის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ამასთან, მოხდება ალტერნატიული საწვავი/სათბობი რესურსების წარმოების წახალისება.

ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს. მოსახლეობას კვლავ შეეძლება ე.წ. ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე მოითხოვოს საშეშე მერქნის გამოყოფა - დაბლობში 7 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 15 კუბური მეტრი მოცულობით, ხოლო ხე-ტყის დამზადება ჩვეული წესით განახორციელოს საკუთარი ძალებით. 

თუმცა, ეროვნული სატყეო სააგენტო გეგმავს მოსახლეობასაც შესთავაზოს მომსახურება და კომლზე ყოველწლიურად დადგენილი მოცულობის ფარგლებში, მიაწოდოს უკვე დამზადებული და ტყიდან გამოტანილი საშეშე მერქანი იმ ფასად, რაც რეალურად მოსახლეს ესაჭიროება მერქნის დამზადების, ტყიდან გამოტანისა და ტრანსპორტირებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]