weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოლნისსა და დმანისში ნიადაგებში ტყვიის რაოდენობა საგანგაშოდაა გაზრდილი - კვლევა

10:53 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

„ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც კომპანია „RMG“ აწარმოებს, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი“, - ნათქვამია ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზის დოკუმენტში.

კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით 2017 წელს არის ჩატარებული.

კვლევის შედეგად ტყვიის ძალზე დიდი შემცველობები კარიერთან ყველაზე ახლოსმდებარე დასახლებებში დაფიქსირდა. დოკუმენტის მიხედვით, ტყვიის რაოდენობა ნიადაგებში 2017 წლის მონაცემებით, საგანგაშოდაა მომატებული 2014 წელთან შედარებით. 

ანალიზები ჩატარდა შემდეგ მძიმე ლითონებზე: სპილენძი, მანგანუმი, თუთია, კადმიუმიდა ტყვია. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სპილენძი მომატებულია ნახიდურში, აბულბუქის ტერიტორიაზე, კაზრეთსა და ბალიჭში

მანგანუმი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით მომატებულია სოფლებში – ნახიდურში, მუშევანში, რატევანში, ვარდისუბანში, ბალიჭის ჭალებში, ფოცხვერიანში, ტანძიაში, კაზრეთში, ბალიჭის შესასვლელთან დამის ზემოუბანში

კადმიუმის მატება განსაკუთრებით სოფელ რატევანში აღინიშნა, მისმა შემცველობამ ზღვრულად დასაშვებ რაოდენობას ასევე გადააჭარბა მწყნეთში, ტანძიაში, კაზრეთში, აკაურთასა დაგომარეთში. სოფელ ბალიჭში კადმიუმი ყველაზე მეტად ჭალების ტერიტორიაზეა მომატებული, რომელსაც მოსდევს შუაუბნისა და სოფლის შესასვლელის ტერიტორიები. 

თუთია ძალზე მომატებულია და თითქმის 2010 წლის ნიშნულს უტოლდება აბულბუქისა (1076 მგ/კგ; ნორმა 300 მგ/კგ) და რატევნის (1014 მგ/კგ) ტერიტორიაზე. ხოლო ბალიჭის ჭალებსა და ქვემო ბოლნისის მდინარის ფსკერზე აღებულ ნიმუშებში მისი კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება პირველ შემთხვევაში 219 ერთეულით (519.82 მგ/კგ), ხოლო მეორე შემთხვევაში – 15 ერთეულით (315 მგ/კგ). 

საგანგაშოა თუთიის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება სოფლებში: ბალიჭი, აბულბუქიდა რატევანი. ბალიჭი და აბულბუქი ყველაზე ახლოსაა საყდრისის საბადოსთან. ამ სოფლების სავარგულები ჰაერით ბინძურდება კარიერზე მიმდინარე ინტენსიური აფეთქებების შედეგად. 

ის, რომ თუთიის კონცენტრაცია ზედაპირზე 10-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ნიშნავს, რომ სინჯების აღებამდე რამდენიმე დღით ადრე აფეთქებების სიმძლავრე ბევრად აღემატებოდა დასაშვებს (არსებობს ნორმა აფეთქების მუხტის სიმძლავრესთან დაკავშირებით).

რაც შეეხება რატევანს, რომელიც ცოტა მოშორებითაა, მაგრამ ბინძურდება როგორც ჰაერით, ასევე წყლით, საწინააღმდეგო სურათია დაფიქსირებული: რატევნის ნიადაგის სიღრმეში თუთიის კონცენტრაცია 1000 მგ/კგ-ზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშავერას წყლით მორწყვამ თუთიის დიდი ნაწილის სიღრმეში მიგრაციას შეუწყო ხელი. 

ტყვიით დაბინძურებულია არა მთელი რეგიონი (კადმიუმისაგან განსხვავებით), არამედ საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები. უნდა აღინიშნოს, რომ ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია. იგი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, მეხსიერების დაქვეითებასა და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას. ორგანიზმში დალექვის შემდეგ, ტყვია იქიდან ძალიან ძნელად განიდევნება, ამას საშუალოდ 10-დან 30 წელი ესაჭიროება.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ნოემბერში აღებული წყლის სინჯების განმეორებითი ანალიზის კვლევისას შეისწავლეს მდინარე ფოლადაურის მარცხენა შენაკადი სოფელ ქვემო ბოლნისთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს შენაკადი ძლიერაა დაბინძურებული კადმიუმით, ტყვიის კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია, ხოლო კადმიუმისა 1240-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას (კადმიუმი 1,24 მგ/ლ; ხოლო ზდკ 0,001). მაშავერას შეერთებამდე, კაზრეთულაში კადმიუმის კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო ტყვია ნორმის ფარგლებშია. კაზრეთულას შეერთებიდან 300 მეტრში, მაშავერაში კადმიუმის კონცენტრაცია 9-ჯერ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებს, ტყვია ნორმის ფარგლებშია. მდინარე ფოლადაურის ზედა წელში კადმიუმისა და ტყვიის კონცენტრაცია ნორმის ფარგლებშია. მდინარე ფოლადაურის ქვედა წელში, წუღრუღაშენთან, კადმიუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 28-ჯერ აჭარბებს.

ანალიზის დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია პროექტის ერთ-ერთი ავტორის – გურანდა ავქოფაშვილის კვლევის „ნიადაგების ფოტორემედიაცია“ თაობაზეც, რომელიც აშშ-ის კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით განხორციელდა. კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე 2010-2015 წლების სამთომოპოვებითი საწარმოების მიერ გარემოს დაბინძურების პროცესს დინამიკაში აღწერს. ადგილზე აღებული სინჯების ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დაბინძურებული მდინარე კაზრეთულა დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ მავნე ელემენტებს, როგორებიცაა: კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი. ზემოთაღნიშნული ელემენტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სამი: კადმიუმი, ტყვია და დარიშხანი, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე საზიანო გავლენას ახდენს.

რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება.

„დაბინძურების სრული სურათის წარმოჩენისთვის აუცილებელია კვლევამ მთელი ქვემო ქართლი მოიცვას, გარდაამისა აუცილებელია დაბინძურების ეფექტის შესწავლა საკვებ პროდუქტებსა და განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და კვლევა. ასევე აუცილებელია დაინერგოს საბადოს მართვის თანამედროვე პრინციპებზე მორგებული სახელმწიფო რეგულაციათა პაკეტი და გაიზარდოს საბადოს მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]