weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

25 მაისს გაირკვევა შეჩერდება თუ არა მთიულეთში მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა

14:04 სამშაბათი, 23 მაისი 2017

25 მაისს გაირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე შეაჩერებს თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის Nი-260 ბრძანების მოქმედებას, რომლის საფუძველზეც მთიულეთში, საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოს, რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქმის არსებითი განხილვა 22 მაისს დაიწყო. მოსარჩელეები ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, მოხევეები – ზაზა წიკლაური და შოთა ბუჩუკური არიან. ისინი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაუქმებას ითხოვენ.

22 მაისის სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების შუამდგომლობა და მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაურთო.

ამავე სხდომაზე მოსარჩელე ზაზა წიკლაურმა იშუამდგომლა, შეჩერდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ის ბრძანება, რომლითაც გიგლა აგულაშვილმა მაღალი ძაბვის ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლო 3 დღის განმავლობაში განიხილავს შუამდგომლობას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლემ ზაზა წიკლაურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.

შემდეგი სხდომა 2017 წლის 20 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

მთიულეთისა და ხევის ტერიტორიაზე მშენებარე, ქსანი–სტეფანწმინდას 500 კილოვოლტიანი ხაზი დასახლებულ პუნქტებს რომ დააშორონ და სამუშაოები ისე აწარმოონ – მეწყრული პროცესების გააქტიურება რომ არ მოხდეს, ამ მოთხოვნით მთიულებმა და მოხევეებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

მთიულეთის და სნოს ხეობის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზებიდან ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელებას.

ხანდოს ხეობაში გამართული აქციის 6 მონაწილე პოლიციამ დააკავა და 400–400 ლარით დააჯარიმა. მომდევნო დღეებში, სოფელ მუგუდაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეებსაც ხელისუფლებამ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზაციით უპასუხა.

იმის მიუხედავად, რომ დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გასულ კვირაში დარწმუნებით აცხადებდა, რომ ქსანი–სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება და ის აუცილებლად აშენდება.

მთიულებისა და მოხევეების პროტესტს საქართველოს კათოლიკო პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და სადაც შესაძლებელია, ხაზის გასაყვანად ალტერნატიული მარშრუტები შემუშავდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]