აქციის ორგანიზატორების თქმით, გეოლოგებისა და სეისმოლოგების შეფასებით, ჰიდროკასკადის მშენებლობა საფრთხეს უქმნის რაჭის მოსახლეობას, გარემოსა და ბიომრავლფეროვნებას.
რაჭა მაღალი სეისმურობით გამოირჩევა. 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი რაჭა-ჯავის მიწისძვრის მაგნიტუდა (S=7) 1989 წლის სპიტაკის მიწისძვრის სიმძლავრეს (S=6.9) აღემატებოდა, რეგიონში კი ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას წარმოადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის შიდა ქართლის რეგიონებში. დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა (S=6.2) მოხდა.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, კასკადური ტიპის პროექტი შედგება ორი ჰესისგან („ონი 1 ჰესი“ და „ონი 2 ჰესი“), რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 202 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 766.7 მლ.კვტ.სთ.
საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ონის მუნიციპალიტეტში შემავალი შემდეგი დასახლებული პუნქტები: ქალაქი ონი და სოფლები სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.
ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ფერს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ შპს „ფერი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „რობინსი“ (Robbins Company). პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მილიონი აშშ დოლარია.
შპს „ფერი“ 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ენერგეტიკულ პროექტებზეა ფოკუსირებული. „ფერის“ მიერ არის აშენებული „დარიალიჰესი“, „ლარსიჰესი“, „ხადორი2 ჰესი“, „შილდაჰესი“ და „ყაზბეგიჰესი“. მიმდინარე წელს კომპანიამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობაც დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.