„ევრონიუსის“ ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურების მხრივ 4 300 ქალაქის და 108 ქვეყნის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქების უმრავლესობაში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი შეწონილი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაცია რეკომენდირებულ ნორმაზე (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) მეტია. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიესა და საქართველოს დედაქალაქ თბილისშია. ტალინში, სტოკჰოლმსა და დუბლინში კი ჰაერი ყველაზე ნაკლებად არის დაბინძურებული.
სპეციალისტების განცხადებით, მყარი ნაწილაკები ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში ღრმად აღწევენ და იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინსულტი, გულის დაავადებები, ფილტვების კიბო და პნევმონია.
თბილისში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების - PM10-ის კონცენტრაცია 55 მკგ/მ3-ს შეადგენს, ანკარაში - 77 მკგ/მ3-ს, ხოლო მაკედონიაში 76 მიკროგრამს კუბურ მეტრ ჰაერში. PM2,5-ის კონცენტრაცია თბილისში 29 მკგ/მ3-ია, ანკარაში - 27 მკგ/მ3, სკოპიეში კი 45 მკგ/მ3.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალო წლიურ მაჩვენებლებამდე დაიყვანონ, რაც PM10-ის შემთხვევაში 20 მკგ/მ3-ია, PM2,5-ის შემთხვევაში კი 10 მკგ/მ3.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.