„ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ“, - განაცხადეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. როგორც გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა განაცხადა, მათი მიზანია შევქმნან მონაცემთა უფრო ფართო და გამჭვირვალე ბაზა, რაც ქვეყანაში ეფექტური ტყის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.