„ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას. დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, – განაცხადა ვიზიტორთა ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ყაზბეგის ეროვნული პარკი უნიკალური ეკოსისტემაა, რომელსაც სათანადო დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება.
ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ღირებულება 793 450 ლარია.