წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად გუშინ საღამოს ჭუბერში მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა. დაგუბებულმა მდინარემ მოგვიანებით მეწყრული მასა გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ჭუბერიდან მესტიის საკრებულოს წევრის ზაზა ვიბლიანის თქმით, წყალმა მდინარეზე გადასასვლელი ხიდები წაიღო, რამდენიმე ნაგებობა კი დაანგრია. დატბორილია სოფელი ჭუბერი. 10 სოფელი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მსხვერპლი არ არის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში ვითარების შესასწავლად ჯერ არ ჩასულან. სააგენტოში განაცხადეს, რომ სპეციალისტები გზაში არიან და მუშაობას გვიან საღამოს ან ხვალ დილიდან დაიწყებენ.