weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლენტეხში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შიმშილობა დაიწყეს

17:00 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

ლენტეხის რაიონში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით ხელედულას ხეობის სოფლების მცხოვრებლებმა შიმშილობა დაიწყეს. როგორც „რეგინფოს“ აქციის მონაწილეებმა უთხრეს, ჰესის მშენებელმა თურქულმა კომპანიამ ბოლო ორ კვირაში ხეობაში სამშენებლო ტექნიკის შეყვანა ორჯერ სცადა.

„გაზაფხულიდან მოყოლებული აქციებს ვმართავდით, გუშინ კი ცაგერში შიმშილობა დავიწყეთ. პარალელურად, სოფელ ლესემაში ქალები მართავენ აქციას. ჩვენი მოთხოვნაა, ტექნიკამ დატოვოს ტერიტორია და ეს პროექტი შეწყდეს. ტექნიკა ჩვენთან, ლენტეხში არ შემოვუშვით, უკან გამოვაბრუნეთ და აქ არიან შეყუჟულები. შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ ოთხი დღის წინ, ორი კვირის წინაც. ნაკვეთები აქვთ ნაყიდი. ჯერ სამუშაოები არ დაუწყიათ და ეს ტექნიკაც მოსამზადებელი სამუშაოების დასაწყებად უნდათ. კომპანიის ჯგუფი რაიონში რჩება. ხეობაში შესვლა უნდათ და გვთხოვენ აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, მაგრამ არ ვუშვებთ. ორი კვირაა საგუშაგო გვაქვს გახსნილი“, - უთხრა „რეგინფოს“ 38 წლის რაჯი ლიპარტელიანმა, რომელიც ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში, კარავში შიმშილობს.   

მისივე თქმით, „ხელედულა 3“ ჰესის პროექტის განხორციელება მდინარე ხელედულას ხეობის სოფლების - წანაშის, ლესემას და ლუქართას მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და იძულებულს ხდის საცხოვრებელი ადგილები მიატოვონ.

„ამ ჰესს მცირე ჰესს ეძახიან, მაგრამ ორი ხეობა უნდა შეერთდეს. მდინარე ხელედულა გვირაბის საშუალებით მდინარე დევაშზე უნდა გადმოვიდეს. მოსახლეობას, რომელიც ხელედულას კალაპოტში ცხოვრობს, ჰესი საშიშროებას უქმნის. ხეობაში მდინარე დაშრება, ადიდების შემთხვევაში კი, როცა ყველაზე უკონტროლოა, პირდაპირ ჩვენსკენ წამოვა. ამასთან, გვირაბი უნდა გავიდეს ჩვენი სახლების უკან, სადაც მეწყრული ზონებია და სიტუაცია გაუარესდება. ისედაც დაცლილია ხეობა, სოფლებს ძლივს ვინარჩუნებთ, ჰესის მშენებლობით კი ხელს უწყობენ იმას, რომ ხალხი აქედან წავიდეს. 1987 და 2005 წლების გეოლოგიური დასკვნები გვაქვს, რომელთა მიხედვითაც, მეწყერსაშიშ და ზვავსაშიშ ხეობაში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, არ მოგვითხოვია და არც მოვითხოვთ სადმე წაგვიყვანონ და გვიშველონ. მაინც ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ხეობა. კომპანიას ჩუქნიან ხეობებს იმისთვის, რომ მილიონები იშოვონ, ხეობა კი განადგურდება“, - აღნიშნა რაჯი ლიპარტელიანმა.

აქციის მონაწილეების თქმით, შიმშილობას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, 2017 წლის 24 მაისს აქვს დამტკიცებული. „ხელედულა 3“-ის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 254.934 მგვატ.სთ.

ჰესის მშენებლობისთვის მდინარეებზე ხელედულასა და დევაშზე დამბების მოწყობაა დაგეგმილი. დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 3.5 – 4 წელია.

სამინისტროს დასკვნაში ნათქვამია, რომ მდინარე ხელედულა საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით ხასიათდება. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები. იგივე შეიძლება ითქვას მდინარე დევაშის ხეობაზეც, სადაც დამბა 2-თან მისასვლელი გზა რთული რელიეფის ფერდობებზე უნდა მოეწყოს და შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გააქტიურების რისკები.

დასკვნის თანახმად, ზემოქმედების ქვეშ მოექცევა დაახლოებით 55 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე, ფლორის ნაწილში განსაკუთრებით წაბლზე. ტყის გაჩეხვა მოსალოდნელია 18-20 ჰექტარზე. ფაუნის ნაწილში მაღალი ზიანია მოსალოდნელი მდინარე დევაშის ხეობაში, სადაც ბინადრობს კავკასიური ციყვი, მურა დათვი, ორბი, ველის კაკაჩა, ბუკიოტი და სხვა. ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში ზემოქმედება მოსალოდნელია განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100 %-ის მესაკუთრეა თურქული ორგანიზაცია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]