weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ტვიშში აქციას მართავენ

13:02 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, რიონის ხეობის სოფლების მცხოვრებლები ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც „რეგინფოს“ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა ვალერი ასათიანმა უთხრა, ისინი ჰესების მშენებლობის შემთხვევაში გარემოზე მოსალოდნელი ზიანისა და საფრთხეების საფუძვლიანად შესწავლას ითხოვენ.

ტვიშს, ორხვს, კორენიშს, ალპანას, ნამახვანს, ჟონეთსა და ყველა მიმდებარე სოფელს საერთო გულისტკივილი და ერთი მოთხოვნა გვაქვს. ვიდრე არ იქნება დადებული კონკრეტული და სანდო დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან, ეკოლოგიურ, სეისმურ და სხვა საფრთხეებთან დაკავშირებით, მშენებელმა კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპმა“ შეწყვიტოს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათი მოსყიდვა და გადაბირება“, - აღნიშნა ვალერი ასათიანმა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესების მშენებლობის შემთხვევაში, ხეობა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დადგება, საფრთხე შეექმნება სოფლის მეურნეობას - კერძოდ, მევენახეობასა და მეფუტკრეობას.

„42 წლის კაცი ვარ და ორჯერ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადაიკეტა მდინარე რიონი მოწყვეტილი მთის მასებისგან. გარდა ამისა, აქ არის ისტორიული ხვამლის მთა, რომელზეც უნდათ „ტვიში ჰესი“ მიაშენონ. მთას აქვს მღვიმეები დაბოლომდე შესწავლილი არ არის, სად გადის. აქ წყლის დაგუბებამ შესაძლოა მთის დაშლაც გამოიწვიოს და ისეთი უარყოფითი შედეგები მოიტანოს, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველო წყალმა დაახრჩოს.

აქ მოდის საუკეთესო ჯიშის ყურძენი, რომელიც 1 კგ 5 ლარი ღირს. ეკონომიკური თვალსაზრისით, მოსახლეობა მთლიანად დამოკიდებულია ვენახიდან მიღებულ შემოსავალზე. განვითარებულია მეფუტკრეობაც. ჰესების აშენების შემდეგ არცერთი დარგი აღარ ივარგებს“, - ამბობს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელი.

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მდინარე რიონზე 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტი ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის „ტვიში ჰესი“ და დერივაციული ტიპის „ნამახვანი-ჟონეთი ჰესი“. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მონაცემებით, სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაგეგმილია „ტვიში ჰესის“ და „ნამახვანი-ჟონეთი ჰესის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ძაბვის 15 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა. პროექტის მთლიანი ღირებულება 738 მილიონი აშშ დოლარია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნამახვანის ჰესები წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას წარმოქმნის, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]