„ეს დასკვნა პროცედურულია. რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება და არაფერი ხდება საქართველოში სამწუხაროდ ისეთი, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც მუდმივად ისმის უკვე ევროპული სტრუქტურებიდან. საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში.
როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ჩვენს ხელისუფლებას ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლოკოკინების ქარხანა გაგვიხსნა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადები სამი თვის წინ წარადგინეს, რის შემდეგაც ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსეს. ევროკომისია ამზადებს საკუთარ დასკვნას – უნდა მიენიჭოთ თუ არა ამ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიის მოსაზრება დღეს გახდება ცნობილი. მანამდე, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რაც უკრაინისა და მოლდოვისთვის პირობებით კანდიდატის სტატუსისს მინიჭებას ითვალისწინებს, ხოლო საქართველოსთვის პირობების მიცემას და შანს, რომ სტატუსს მათი შესრულების შემდეგ მიიღებს.
სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ კონსენსუსის საფუძველზე, 23-24 ივნისს უნდა მიიღოს.