weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

რთველი 2024 აქტიურ ფაზაშია - ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან­

15:16 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2024

რთველი 2024 აქტიურ ფაზაშია. კახეთში მევენახეები ყურძენს კერძო და სახელმწიფო კომპანიებში აბარებენ. 23 სექტემბრის მდგომარეობით უკვე დაბინავებულია 205 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან მეხუზლა საუბრობს.

- რთველი 2024 უკვე აქტიურ ფაზაშია და თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, ბოლო მონაცემებით რა მდგომარეობაა კახეთში?

კი, რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. კერძოდ, უკვე შეიძლება ითქვას, დასასრულს უახლოვდება დედოფლისწყაროში, საიდანაც ტრადიციულად იწყება ხოლმე რთველი; აქიურად მიმდინარეობს კრეფა გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. დღე-ღამეში ბარდება 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. საერთო რაოდენობა უკვე გაცდენილია 205 ათას ტონას. ჯამში, შემოსავალმა, რომელიც გადაიხადეს ყურძენში როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყებებმა შეადგინა უკვე 290 მილიონამდე ლარი.

- წლევანდელი პროგნოზის მიხედვით, 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი უნდა მოვიდეს საქართველოში. კახეთში ხარისხიც და რაოდენობაც საკმაოდ მაღალია. რამდენად მოხდება მისი სრულად დაბინავება და არსებობს თუ არა მოთხოვნა ამ გაზრდილ მოსავალზე.

კი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ყურძენი უნდა ჩაბარდეს და დაბინავდეს. შესაბამისად, ამისთვის მზად ვიყავით. რქაწითელის შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მასზე ნაკლებია მოთხოვნა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, დაესუბსიდირებიანა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გადაიხდიდა 1 ლარს, მას აუნაზღაუდება 20 თეთრი.  თუმცა, უკვე რთველის მსვლელობის პროცესში აღმოჩნდა, რომ საფერავს  შედარებით უჭირდა დაბინავება და კერძო სექტორი მარტო ვერ აუდიოდა უხვ მოსავალს. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ შარშან 204 ათასი ტონა გადამუშავდა მთლიანად კახეთში, წელს მოგეხსენებათ, ველოდებით 300 ათას ტონამდე, 100 ათასი ტონით მეტს და როგორც აღვნიშნე, უკვე არის გადამუშავებული 205 ათასი ტონა. შესაბამისად, მთავრობის მყისიერი რეაგირების წყალობით,  იქნა მიღებული გადაწყვეტილება და  საფერავზე განისაზღვრა ლარნახევარი ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ საფერავის მოსავლიანობა ნაკლებია, ხოლო შენახვა და მოვლა შედარებით რთული, ვიდრე რქაწითელის, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. ეს ფასი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ჩვენი ფერმერებისთვის და აქტიურად მიმდინარეობს სწორედ საფერავის ჩაბარება. ამ დროისთვის 100 ათასი ტონამდე საფერავია გადამუშავებული.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომავალში აღარ გახდეს აუცილებელი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან. რა არის გასაკეთებელი, რომ მევენახესა და მეღვინეს შორის შედგეს პირდაპირი კავშირი და ყურძნის ფასიც განისაზღვროს მათი უშუალო კომუნიკაციით.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მოთხოვნის გაზრდა ყურძენზე, რაც თავის მხრივ განპირობებულია ღვინოზე მოთხოვნით. ანუ, თუ ჩვენ გავზრდით მოთხოვნას ღვინოზე, შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა ყურძენზეც.  თუმცა, ზოგადად, მევენეხეობა-მეღვინეობის დარგი (და საქართველო არ არის გამონაკლისიამ თვალსაზრისით), ძალიან არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და კონკრეტულად იმ წლის ამინდზე. ამიტომ შეიძლება მოხდეს ასეთი მკვეთრი ცვლილება, როდესაც წინა წლის  200 ათასიდან, მომავალ წელს 300 ათასამდე გაიზარდოს მოსავალი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს  საჭირო ხდება ის ღონისძიებები, რაც გატარდა ამ შემთხვევაში. და იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს რისკები, რომ ასეთი უხვი მოსავლის და სხვათა შორის, ხარისხიანი მოსავლის შემთხვევაში და ნაკლები მოთხოვნის პირობებში ფასი ჩაცდეს თვითღირებულებას, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.

- კახეთთან შედარებით, ძვირადღირებული ყურზენი მოდის რაჭა-ლეჩხუმში და კახეთის შემდეგ რთველი სწორედ ამ რეგიონში დაიწყება. როგორი მოლოდინია და რამდენად იყო იქ ხელსაყრელი პირიბები, რომ იქაც კარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი ყოფილიყო.

კი, ალექსანდროულ-მუჯურეთული, იგივე საფერავთან შედარებით რამდენჯერმე მეტად დაფასებულია, რაც პირველ რიგში გამოწვეულია რაოდენობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაჭაში სულ რამდენიმე ასეული ჰექტარი ვენახია, რაც საბოლოო ჯამში იძლევა ხოლმე 1500-2000 ტონამდე მოსავალს და ბუნებრივია იმ ყურძნიდან, რომლისგანაც მზადდება სახელგანთქმული ღვინო ხვანჭკარა და ასეთი მცირე მოსავლის პირობებში იქნება უფრო დაფასებული და ძვირი, ვიდრე საფერავი. მინდა აღვნიშნო, რომ წელს რაჭა-ლეჩხუმშიც ვატარებდით მონიტორინგს და ყურძენი უახლოვდება უკვე კონდიციას, ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე. რთველს ჩვეულებრივ ვიყებდით ხოლმე 5 ოქტომბრის შემდეგ, თუმცა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, თუკი არ იქნება წვიმა, არ გამოვრიცხავთ რომ რთველი დაიწყოს უფრო ადრე- რამდენად არის გაზრდილი ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან რაჭა-ლეჩხუმის მოსავალთან დაკავშირებით და რამდენად არის შესაძლებელი, რომ სუბსიდირება იქაც გახდეს აუცილებელი.

რაჭა-ლეჩხუმშიც არის სუბსიდირება უკვე რამდენიმე წელია. თუმცა, კარგი ის არის, რომ ამ სუბსიდირების პირობებში, უკვე ორი წელია, თითქმის მთლიანად ბარდება ეს მოსავალი სწორედ კერძო სექტორში. სახელმწიფო ძალიან მცირე ოდენობით იბარებს. მაგალითად შარშანწინ ას კილომდე მიიღო, რომელიც დაზიანებული იყო და არ ჩაიბარა კერძო სექტორმა, შარშან ოდნავ მეტი, 50 ტონამდე მოხდა გადამუშავება სახელმწიფოს მიერ. ანუ ბოლო ორი წლის მაგალითზე ვხედავთ, რომ კერძო სექტორი დაინტერესებულია და იაბრებს ალექსანდროული-მუჯურებთული ჯიშის ყურძენს რაჭის რეგიონიდან.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.

ამასთან ერთად, საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა   და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

[R] ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]