ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ პარტიას აქვს ეჭვები, როგორ ხდება სანქციების საკითხზე კოორდინაცია, თუმცა „კარტების ბოლომდე გაშლისგან“ მან თავი შეიკავა.
„არახამია ერთი მხრივ დანილოვის და პოდოლიაკის პირით გვირჩევს, ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი, მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობია, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი.
დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი, ეს თქვან პირდაპირ, კაცურად. რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას - ამაზე ქართველ ხალხს უნდა ესაუბრონ, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი და ვერანაირი შანტაჟი ვერ აიძულებს, მეორე ფრონტის მიმართულებით ნაბიჯი გადადგას.
„საფრთხეებზე როცა მეკითხებით - არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ომის დაწყება გვთხოვოს, რა თქმა უნდა, ამას გამოვრიცხავ, რადგან ამ კაცს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არასდროს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს. განსხვავებით არახამიასგან, რომელიც უსამშობლო კაცია, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის სამშობლოს ფასი. აქედან გამომდინარე, ვერავითარი შანტაჟი და მუქარა მას ვერ აიძულებს გადადგას ნაბიჯი მეორე ფრონტის მიმართულებით, რაც არის მათი გაცხადებული მიზანი.
რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, არ ვიცი, მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ როცა ადამიანის დაშანტაჟება გინდა, ფორმალური სანქცია არ არის საშუალება. ადამიანს თუ დასჯი, მას ვეღარ აშანტაჟებ, იმიტომ, რომ სასჯელი უკვე სახეზეა. ამიტომ, ამ კუთხით უფრო ეფექტური არაფორმალური სანქციაა, რაც შვეიცარიაში ხდება. ამაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ისაუბრა.
აქედან გამომდინარე, სანქციებზე წასვლა მათი მხრიდან იქნება ერთგვარი სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ვერ ვიმარჩიელებ, მაგრამ, ლოგიკურად ეს ასე არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 5 სექტემბერს, უკრაინულ პორტალზე „ომი და სანქციები“ ბიძინა ივანიშვილის და კიდევ 11 ქართველი ბიზნესმენის მონაცემები გაჩნდა. ამ 11 ადამიანს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი ქეთევან ხარაიძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი, ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები ირაკლი რუხაძე და ივანე ჩხარტიშვილი, 1998-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმა, სულხან პაპაშვილი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ბიზნესმენები გიორგი კაპანაძე და დავით ხიდაშელი.
პორტალზე ქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე დაექვემდებარნენ სანქციებს და რომლებიც სანქცირების კანდიდატები არიან. უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტოს ინფორმაციით, პორტალის მთავარი მიზანია უცხო ქვეყნის მთავრობებისა და მოქალაქეების ინფორმირება უკვე დაწესებული სანქციების შესახებ და სანქციების სიების გაფართოების მიზნით გლობალურ კამპანიაში საზოგადოების ჩართვა. სანქცირების კანდიდატები არიან ისინი, ვინც ომს ფინანსურ და საინფორმაციო დახმარებას უწვევენ.