შეხვედრა მასპინძელი ფეხბურთელების კარნახითა და სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ორი რეალური საგოლე მომენტის შემდეგ ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, რომლის დაბალი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ისე აღმოჩნდა ჯუჯა ქვეყნის წარომადგენელთა კარში.
მეორე ნახევარში თამაში ანალოგიური სცენარით გაგრძელდა. „ჯვაროსნები“ კიდევ ქმნიდნენ რეალურ მომენტებს და რამდენიმე ეპიზოდში სტუმართა გოლკიპერმა საოცარი სეივებიც განახორციელა, თუმცა 84-ე წუთზე იმავე ყაზაიშვილმა დუბლი გაიფორმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ვაისის შეგირდებმა მესამეც გაიტანეს - კაკაბაძის ჩაწოდებით გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ თავური დარტყმით მესამედ აიღო მეტოქის კარი და ეროვნულ გუნდს უპირატესობა განუმტკიცა.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს, ხოლო ქვეჯგუფის სხვა სამ გუნდს - ორ-ორი, რადგან პარალელურად მიმდინარე ლატვია-ყაზახეთის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, რაც „ჯვაროსნებს“ ხელს აძლევდათ.
საქართველო - ანდორა 3:0
თბილისი, „დინამო არენა“
მაყურებელი: 45 000
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 90), კიტეიშვილი (ანანიძე 68), ყაზაიშვილი; კაჭარავა (გვილია 81)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ანდორა (4-4-2): გომესი; ჩ. რუბიო (ჟ. რუბიო 88), ლოვერა (ე. გარსია 45), ი. ლიმა, სან ნიკოლასი; ვ. როდრიგესი, რებესი (პუჟოლი 78), ვალესი, სერვოსი; მ. ვიეირა, კ. მარტინესი.
მწვრთნელი: კოლდო ალვარესი
გოლები: ყაზაიშვილი (33), 2:0 ყაზაიშვილი (84), 3:0 კანკავა (90+5).
გაფრთხილება: კიტეიშვილი (38) - მარტინესი (28), რებესი (33), გარსია (51), როდრიგესი (60)
გაძევება: ვიეირა (90)
მსაჯი: ლეონტიოს ტრატუ (კვიპროსი)