მატჩი უშეღავათო ბრძოლით დაიწყო და ორივე გუნდი შეეცადა მოედანზე კონტროლის დამყარებას. მასპინძელი „ალაზანი“ უფრო მეტს უტევდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.
მეორე ტაიმში „ალაზანმა“ შედარებით მოუმატა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მასპინძლებმა კვლავ ვერ მოახერხეს მწყობრად მოთამაშე სტუმრების გატეხვა. შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა, გუნდებმა ქულები გაიყვეს და სხვაობაც ამ ორ გუნდს შორის კვლავ ხუთქულიანი დარჩა.
ამრიგად, „ალაზანი“ ცხრაგუნდიან გათამაშებაში პირველ ადგილზე 34 ქულით იმყოფება, მეორეადგილოსან „დიდუბეს“ 29 ქულა აქვს, შემდეგ კი „ცხინვალი-2“ მოდის 28 ქულით.
ხვალ მე-14 ტურის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება. „ალაზანისა“ და „დიდუბის“ კიდევ ერთი კონკურენტი გუნდი „ცხინვალი-2“ ღია ლიგის ბოლოადგილოსან ნინოწმინდის „ფარავანს“ სტუმრად ეთამაშება, შემდეგ ტურში კი, 25 ოქტომბერს, „ცხინვალი“ სწორედ გურჯანის „ალაზანს“ უმასპინძლებს.