weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ დამარცხდა

11:24 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მე-3 ტურის მატჩებით განახლდა. ცენტრალური დაპირისპირება „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც ცუდ ფორმაში მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსთან“ დამარცხდა. სხვა მატჩებს შორის აღსანიშნავია სარეკორდო მოუგებელი სერიის შემდეგ „რეალის“ საშინაო გამარჯვება.

E ჯგუფში ათენის „აეკ“-ისა და მიუნხენის „ბაიერნის“ შეხვედრა ადრე დაიწყო. მაყურებელმა ულამაზო მატჩი იხილა და მიუხედავად იმისა, რომ ბავარიულმა გრანდმა მაინც შეძლო კლასის ხარჯზე გამარჯვება, კიდევ  ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ნიკო კოვაჩის გუნდის თამაში იდეალურისგან შორსაა. ამავე ჯგუფში „აიაქსმა“ პრინციპული შეხვედრა მოუგო უშუალო კონკურენტ „ბენფიკას“ - ამსტერდამელებმა შინ ლისაბონელებს ბოლო წუთზე გატანილი გოლით სძლიეს და უაღრესად საჭირო სამი ქულა აღეს.

აეკ - ბაიერნი 0:2

ხავი მარტინესი (61), რ. ლევანდოვსკი (63).

აიაქსი - ბენფიკა 1:0

მაზრავი (90+2).

პირველ ტურში მარცხის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტი“ უკვე გალიდერდა F ჯგუფში. „ქალაქელებმა“ ხარკოვში „შახტარი“ იოლად და პრობლემების გარეშე დაამარცხეს. ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენა და აშკარაა, რომ ნელ-ნელა საშიში გუნდი ხდება. გაცილებით დაძაბული და თანაბარი ბრძოლა იყო ქალაქ ზინსჰაიმში - „ჰოფენჰაიმი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველ გამარჯვებას „ლიონის“ წინააღმდეგ გეგმავდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. შეხვედრა სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. სტუმარი „ოლიმპიკი“ უფრო ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ გერმანული ხასიათი ჩაერთო საქმეში და იულიან ნაგელსმანის გუნდმა ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა. „მანჩესტერ სიტი“ 6 ქულით ლიდერია და სავარაუდოდ ამ პოზიციას აღარც დათმობს, მეორე ადგილისთვის ბრძოლა კი წინაა, რადგან „ლიონს“ 5 ქულა აქვს, „შახტარი“ და „ჰოფენჰაიმი“ კი უშანსოდ არ არიან (2-2 ქულა).

დონეცკის შახტარი - მანჩესტერ სიტი 0:3

დ. სილვა (30), ლაპორტი (35), ბ. სილვა (71).

ჰოფენჰაიმი - ლიონის ოლიმპიკი 3:3

0:1 ბ. ტრაორე (27) 1:1 კრამარიჩი (33) 2:1 კრამარიჩი (47) 2:2 ნდომბელე (59) 2:3 დეპაი (67) 3:3 ჟოელინტონი (90+2).

ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ როგორც იქნა სამი ქულა მოიპოვა მადრიდის „რეალმა“. „სამეფო კლუბის“ მეტოქე მოკრძალებული „პლზენი“ იყო, თუმცა ანგარიშიც მოკრძალებული გამოდგა - 2:1. ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა, რომელიც ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 14 სეზონის განმავლობაში მოახერხა გატანა. მეორე გოლი მარსელოს ანგარიშზეა, ჩეხებმა ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინეს. G ჯგუფის მეორე ფავორიტი „რომა“ ჩემპიონთა ლიგაზე შიდა ჩემპიონატისგან განსხვავებით, მშვენივრად გამოიყურება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა „რეალის“ მძლეველი „ცსკა“ მიიღო და დიდი უპირატესობით დაჯაბნა მოსკოველები. ახლა „ჯალოროსოსა“ და მადრიდულ „სამეფო კლუბს“ 6-6 ქულა აქვთ, ქვეჯგუფიდან გასვლის შანსი კი 4 ქულის მქონე მოსკოვის არმიელთა კლუბსაც აქვს.

რეალი - ვიქტორია პლზენი 2:1

1:0 ბენზემა (11) 2:0 მარსელო (56) 2:1 ჰროშოვსკი (79).

რომა - მოსკოვის ცსკა 3:0

ჯეკო (30), ჯეკო (43), ჯენგიზ უნდერი (50).

მანჩესტერის „ოცნებათა თეატრად“ წოდებულ სტადონზე არ შედგა ის ბრძოლა, რასაც ბევრი ელოდა. მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა „იუვენტუსმა“ და განსაკუთრებით მისმა დაცვის ხაზმა ყველას დაანახა, რომ ტურინული გრანდი დღეს „მანჩესტერ იუნიატედზე“ დიდი გუნდია. პაულო დიბალას გატანილი გოლით იტალიის ჩემპიონებმა სტუმრად მორიგი სამი ქულა მოიპოვეს და 9 ქულით ლიდერობენ H ქვეჯგუფს. „ოლდ ტრაფორდზე“ კრისტიანო რონალდო დაბრუნდა, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე შეტევაში ლომის წილი დაიდო და მოედანზე შეჭრილ გულშემატკივართან სელფის გადაღებაც მოასწრო. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში „იანგ ბოიზმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულა მოიპოვა. „ვალენსიამ“ შვეიცარიის ჩემპიონთან პირველი ტაიმი მოიგო, მეორე ნახევარში კი გოლი პენალტიდან გაუშვა და ძვირფასი ორი ქულა დაკარგა, თუმცა „ღამურებს“ შანსი აქვთ მეორე ადგილისთვის იბრძოლონ, რადგან „მანჩესტერთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა.

მანჩესტერ იუნაიტედი - იუვენტუსი 0:1

დიბალა (17).

იანგ ბოიზი - ვალენსია 1:1

0:1 ბაჩუაი (26) 1:1 ოარო (55 პ.).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მესამე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]