weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ტური დასრულდა

11:39 ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018

ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის მე-3 ტური საინტერესო შედეგებით დასრულდა. „ატლეტიკო“ დორტმუნდში განადგურდა, „ბარსელონამ“ მესის გარეშეც მოიგო, საბა კვერკველია გააძევეს, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ შინ მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა.

A ჯგუფში „ბორუსია“ და „ატლეტიკო“ ერთმანეთში ქვეჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობას არკვევდნენ, თუმცა ლუსიენ ფავრის შესანიშნავ ფორმაში მყოფმა გუნდმა მადრიდელები უშანსოდ დაამარცხა - 4:0. დიეგო სიმეონესთვის „ატლეტიკოს“ თავკაცის რანგში ოთხბურთიანი წაგება პირველია. ამავე ქვეჯგუფში ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში „ბრიუგემ“ და „მონაკომ“ ქულები გაიყვეს. ბრიუგეში ტიერი ანრის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა მონეგასკური კლუბის მწვრთნელის რანგში.

დორტმუნდის ბორუსია - მადრიდის ატლეტიკო 4:0

ვიტსელი (38), რ. გერეირო (73), ჯ. სანჩო (83), რ. გერეირო (89).

ბრიუგე - მონაკო 1:1

0:1 სილა (31) 1:1 ვესლი (39).

„პსვ“ და „ტოტენჰემი“ ერთმანეთს პრაქტიკულად ევროპა ლიგის საგზურს ეცილებიან და მათი პირველი დაპირისპირებაც თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, თუმცა თანდათან სტუმარმა ლონდონელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეეცადნენ, მშვიდად მიეყვანათ მატჩი ფინიშამდე, თუმცა მოულოდნელად მეკარე უგო ლორისის უხეში დარღვევის გამო კაცნაკლულნი დარჩნენ და მასპინძელ ეინდჰოვენელებს გათანაბრების შანსი მისცეს. ასეც მოხდა, შეხვედრა ყაიმით დასრულდა. მოგვიანებით B ჯგუფის მეორე შეხვედრა დაიწყო, სადაც ხელმოტეხილი ლეო მესის გარეშე დარჩენილმა „ბარსელონამ“ დაამტკიცა, რომ პრობლემები არ აქვს. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პირწმინდად დაჯაბნა მილანის „ინტერი“ და თუ დიდი სხვაობით ვერ მოიგო, ეს მხოლოდდამხოლოდ უიღბლობის ბრალი და „ნერიაძურის“ სლოვენიელი გოლკიპერის, სამირ ჰანდანოვიჩის დამსახურებაა. მასპინძელი კატალონიელები მთელი შეხვედრის მანძილზე კარგად გამოიყურებოდნენ და ერთი თავით ჯობდნენ მეტოქეს, რომელმაც სახეირო ვერაფერი დაუპირისპირა ბარსელონელებს. ანგარიში თავისივე გათამაშებული ე.წ. კედლით რაფინიამ გახსნა, რომელიც შარშან არენდით სწორედ „ინტერში“ ირჯებოდა და ამიტომ გოლი არ აღნიშნა. „ბარსამ“ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა, ხარიხასაც რამდენჯერმე მოარტყა ბურთი და შეხვედრის მიწურულს მეორე გოლიც გაიტანა, როდესაც კარგი კომბინაცია ჟორდი ალბამ გოლით დააგვირგვინა.

პსვ ეინდჰოვენი - ტოტენჰემ ჰოტსპური 2:2

1:0 ლოსანო (29) 1:1 ლუკას მოურა (39) 1:2 კეინი (54) 2:2 ლ. დე იონგი (87).

ბარსელონა - ინტერი 2:0

რაფინია ალკანტარა (32), ჟორდი ალბა (83).

ურთულეს C ჯგუფში „ლივერპულმა“ აუტსაიდერ „ცრვენა ზვეზდასთან“ საშინაო შეხვედრა იოლად მოიგო. დუბლი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა და მერსისაიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 65 მატჩში 50 გოლი დააგროვა, რაც „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. გაცილებით საინტერესოდ წარიმართა მოვლენები პარიზში, სადაც „პსჟ“ კარლო ანჩელოტის გაწვრთნილ „ნაპოლის“ მასპინძლობდა. სტუმარი ნეაპოლიტანელები უკეთ ირჯებოდნენ, ორჯერ იგებდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელმაც ამ შეხვედრაში ბეწვის ხიდზე გაიარა, მეტოქეს გამარჯვება არ დაანება. ამრიგად, ქვეჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა - „ლივერპულს“ 6 ქულა აქვს, „ნაპოლის“ - 5, ხოლო „პარი სენ-ჟერმენს“ - 4. მომდევნო ტურში პარიზელები ნეაპოლში ჩადიან და წაგების შემთხვევაში ფაქტობრივად უშანსოდ რჩებიან, იურგენ კლოპის „ლივერპული“ კი დიდი ალბათობით, ბელგრადშიც მოუგებს „ცრვენა ზვეზდას“.

ლივერპული - ცრვენა ზვეზდა 4:0

ფირმინო (20), სალაჰი (45), სალაჰი (51 პ.), მანე (80).

პარი სენ-ჟერმენი - ნაპოლი 2:2

0:1 ლ. ინსინიე 1:1 მარიო რუი (61 ს.კ.) 1:2 მერტენსი (77) 2:2 დი მარია (90+3).

ყველაზე სუსტ და ალბათ ყველაზე უინტერესო D ჯგუფში ქართველი გულშემატკივრის ყურადღებას სოლომონ კვერკველიას „ლოკომოტივის“ თამაში მაინც იპყრობს, თუმცა იური სიომინის გუნდი ევროტურნირზე ძალიან სუსტად ასპარეზობს და ამჯერადაც საკუთარ მოედანზე დამარცხდა. როგორც უკვე ვახსენეთ, „პორტოსთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების წევრი კვერკველია გააძევეს, როდესაც მისი ვარდნა ბოლო იმედის ჯარიმად შეირაცხა, ისე კი მანამდე ყველაფერი უკვე გარკვეულიც იყო. მოსკოველმა რკინიგზელებმა ბევრი მომენტი გაანიავეს, მათ შორის - პენალტიც, რომლითაც ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. იკერ კასილასმა შეუდარებლად ითამაშა, მისმა „პორტომ“ კი კლასისა და მეტი გამოცდილების ხარჯზე აჯობა რუსეთის ჩემპიონ გუნდს. ქვეჯგუფის მეორე მატჩი სტამბოლში შედგა და უგოლო ფრით დასრულდა.

მოსკოვის ლოკომოტივი - პორტო 1:3

0:1 მარეგა (26 პ.) 0:2 ე. ერერა (35) 1:2 ან. მირანჩუკი (38) 1:3 კორონა (47).

გალათასარაი - შალკე 04 0:0

 

ამ თემაზე:

„მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ დამარცხდა

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]