„ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში არის წარმატების მთავარი გასაღები. ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. ჩვენთვის ახალგაზრდების, მოზარდების, ბავშვების ჩართულობა სპორტში ყველაზე პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, მასობრივი სპორტის განვითარებაში ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 6-7-ჯერ ჩამოვრჩებით. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მასობრივ სპორტში ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საფეხბურთო აკადემიაში სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად მჭიდროდ არის წარმოდგენილი განათლების კომპონენტი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ექვს ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანია განთავსებული. აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.